ადამიანის მიერ 80 წლისა და უფრო მაღალი ასაკის მიღწევა. დღეგრძელობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მატერიალური პირობები, კულტურული დონე, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება, ცხოვრების პირობები და შრომის ხასიათი. დღეგრძელობაზე გავლენას ახდენს ასევე ბიოლოგიური ფაქტორები , რომლებიც საფუძვლად უდევს ადამიანის მემკვიდრეობითობას; აგრეთვე მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ ფაქტორებს.
ზოგჯერ დღეგრძელობის შესწავლა გართულებულია ადამიანის ასაკის შესახებ სანდო ინფორმაციის არარსებობის გამო, ვინაიდან ზოგიერთ მოხუცს თავისი ფაქტობრივი ასაკის გაზვიადების მიდრეკილება აქვს.
დღეგრძელობის დონე ჩვეულებრივ განისაზღვრება 80 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის შეფარდებით 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობასთან (გამოისახება პრომილებში, ანუ შეფარდება გამრავლებული 1000-ზე). გამოიანგარიშება მამაკაცებისა და ქალებისათვის ცალ-ცალკე. მაგ., 2002 წელს ჩატარებული აღწერის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ დღეგრძელობის დონე საქართველოში შეადგენდა: მამაკაცებისათვის – 59,4 და ქალებისათვის - 114,4 (შეფასებითი მონაცემებით შესაბამისად 89,2 და 127,4). სტატისტიკის დეპარტამენტის პროგნოზის საშუალო ვარიანტიდან გამომდინარე 2050 წელს საქართველოში დღეგრძელობა დონე, დღევანდელთან შედარებით, გაიზრდება და მამაკაცებისათვის შეადგენს 133,9, ხოლო ქალებისათვის - 178,8 (შეფასებით მონაცემებზე გაკეთებული პროგნოზით შესაბამისად 138,6 და 212,7).