გულისხმობს მოკვდაობის დიფერენციაციას სიკვდილის მიზეზების მიხედვით. მოკვდაობა სიკვდილის მიზეზების მიხედვით ანალიზი საშუალებას იძლევა: შეფასდეს მოკვდაობაში სიკვდილის ცალკეული მიზეზის მნიშვნელობა, გაკეთდეს დასკვნა იმის თაობაზე, თუ მოკვდაობის დონის შემცირებისათვის რომელი დაავადებების წინააღმდეგ უნდა იქნას მიმართული ძირითადი ძალისხმევა, განისაზღვროს ამა თუ იმ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ღონისძიებათა ეფექტიანობა.
მნიშვნელოვანი ცვლილება მოკვდაობის სტრუქტურაში განპირობებულ იქნა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა შორის თანაფარდობის ცვალებადობით. თუ XX ს. დასაწყისში ინფექციურ დაავადებებს პირველი ადგილი ეჭირათ სიკვდილის მიზეზთა სტრუქტურაში, უკვე XX ს. 60-იანი წწ. მოკვდაობა ამ მიზეზით შემცირდა ათჯერ და მეტჯერ და პირველ ადგილზე გამოვიდა მოკვდაობა სისხლის მიმოქცევის სისტემის, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებისა და აგრეთვე უბედური შემთხვევების, მოწამვლებისა და ტრავმების მიზეზებით.