მოსახლეობის თეორიული მოდელი, რომელშიც შობადობისა და მოკვდაობის ასაკობრივი ინტენსივობის უცვლელობის პერიოდის შემდეგ იწყება მოკვდაობის დონის შემცირება და ამასთან შენარჩუნებულია შობადობის მუდმივი ასაკობრივი ინტენსივობა. კვაზისტაბილური მოსახლეობის მოდელი სტაბილური მოსახლეობის შემდგომ განზოგადებას წარმოადგენს და რეალური მოსახლეობის დინამიკის იმ პერიოდს ასახავს, როდესაც მოკვდაობის შემცირებას ჯერ კიდევ არა სდევს ასაკობრივი შობადობის კლება. კვაზისტაბილური მოსახლეობის ძირითადი თვისება ის არის, რომ დროის ყოველ მომენტში მასში არსებობს თითქმის იგივე თანაფარდობები მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას, შობადობის, მოკვდაობისა და მოსახლეობის ბუნებრივი მატების ზოგად კოეფიციენტებს შორის, რაც რომელიმე ესპონენციალურ მოსახლეობაშია. ამის გამო, მოსახლეობა კვაზისტაბილური ფართოდ გამოიყენება იმ ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლების განსაზღვრისას, რომელთათვის შესაბამისი სანდო მონაცემები არ არსებობს.
ტერმინი „მოსახლეობა კვაზისტაბილური“ პირველად გამოიყენა ფრანგმა დემოგრაფმა ჟ. ბურჟუა-პიშამ 1958 წელს.