მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მიგ მიკ

მიგრაციის თეორია ნეოკლასიკური

E. Neoclassic theory of migration
Rus. Неоклассическая теория миграции
თანამედროვე მკვლევრებმა (ტოდარო, 1976; ჰარისი და ტოდარო, 1970) მოახდინეს კლასიკური თეორიის მოდიფიკაცია და მიგრაციის ნეოკლასიკური თეორია შეიმუშავეს, რომლის თანახმად, ის ქვეყნები, სადაც შრომის მაღალი წილია კაპიტალთან შედარებით, ნაკლები საბაზრო ანაზღაურებით გამოირჩევიან, ის ქვეყნები კი, სადაც შრომის დაბალი წილია კაპიტალთან შედარებით, მეტი საბაზრო ანაზღაურებით გამოირჩევიან. ეს სხვაობები შემოსავალში უბიძგებს მუშებს დაბალი ანაზღაურების ქვეყნებიდან მაღალი ანაზღაურების ქვეყნებს მიაშურონ; შედეგად კი, მუშახელის რაოდენობა კლებულობს და ანაზღაურება იზრდება მიგრანტთა სამშობლოში და მუშახელის რაოდენობა იზრდება და ანაზღაურება კლებულობს მიგრაციის ადგილებში, იქმნება რა ვითარება, როცა სხვაობა ანაზღაურებაში ასახავს მხოლოდ მიგრაციის ხარჯებს. ამ მომენტში გარე მიგრაცია წყდება.

ამ თეორიის რეალურ პირობებში გამოყენებისას, მიგრაციის სარგებელი იზომება ინდივიდუალურ დონეზე მიღებული წმინდა შემოსავლით დროის დადგენილ მონაკვეთში. წმინდა შემოსავალი კი წარმოადგენს სხვაობას მიგრაციის ქვეყანაში მოსალოდნელ ანაზღაურებასა და მიგრანტის სამშობლოში მოსალოდნელ ანაზღაურებას შორის. მიგრაციის ქვეყანაში მოსალოდნელი ანაზღაურება იზომება ინდივიდის უნარების გამრავლებით მის მიერ სამუშაოს შოვნის ალბათობაზე; მსგავსად ამისა, მიგრანტის სამშობლოში მოსალოდნელი ანაზღაურება იზომება მიგრანტის რეალური შემოსავლის გამრავლებით სამშობლოში სამუშაოს შოვნის ალბათობაზე. წმინდა შემოსავლები გამოითვლება დროის გარკვეულ მონაკვეთში და საბოლოო ჯამი გამოიყენება მიგრაციის სარგებლის შესაფასებლად (მესი, 1993; ტოდარო, 1976; ჰარისი და ტოდარო, 1970).

ნეოკლასიკური მიგრაციის თეორიას თავისი შეზღუდვები აქვს, საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოსა და იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაუთვალისწინებლობის ჩათვლით, რომლებიც გავლენას ახდენენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე მიგრაციის შესახებ (პაპადემეტრო და მარტინი, 1991).

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9