E. The world systems theory of migrationRus. Теория мировых систем международной миграции კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც ცდილობს გარე მიგრაციის მიზეზების ახსნას, აგებული მარქსის იდეებზეა საერთაშორისო კაპიტალიზმის შესახებ (პაპადემეტრუ და მარტინი, 1991; ვალერშტაინი, 1974). ცნობილი ისტორიულ-სტრუქტურული მოდელის თუ მსოფლიო სისტემების თეორიის სახელით, იგი გვთავაზობს, რომ მიგრაციის წყაროს წარმოადგენს ინსტიტუციური თუ სექტორული დისბალანსი, რომელსაც იწვევს სახელმწიფოს ჩართვა მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაში. მსოფლიო შრომითი ბაზარი სამ ძირითად ზონადაა დანაწილებული: ცენტრი, ნახევრად პერიფერია და პერიფერია. ამ სამ ზონას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, მათ შორის სხვადასხვა სახის შრომით მიგრაციას წარმოშობს (პორტესი, 1995; საზენი, 1988; პეტრასი, 1981). ძირითადად, მიგრაციას ადგილი აქვს ყოფილ კოლონიზატორ ქვეყნებსა და მათ ყოფილ კოლონიებს შორის და ამას არსებული კულტურული, ლინგვისტური, ადმინისტრაციული, სატრანსპორტო და კომუნიკაციური კავშირები უწყობს ხელს. ცენტრალურ ქვეყნებში, მსოფლიო ეკონომიკის მენეჯმენტი კონცენტრირებულია შედარებით მცირერიცხოვან ქალაქურ ცენტრებში საბანკო, ფინანსური, პროფესიული სერვისისა და მაღალტექნიკური ინფრასტრუქტურის ფარგლებში. თუ გავითვალისწინებთ ამ ქალაქებში არსებულ ძლიერ მოთხოვნას ნაკლებგანათლებულ მუშახელზე და მძიმე ინდუსტრიის რაოდენობის შემცირებას, პერიფერიულ ქვეყნებთან არსებულ მაღალგანვითარებულ სატრანსპორტო და კომუნიკაციურ ქსელებთან ერთად, ისინი საკმაოდ მიმზიდველი ხდება გარე მიგრანტებისთვის (საზენი, 1991).
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)