E. Dual labor market theory of migrationRus. Теория миграции двойного рынка труда მიგრაციის ნეოკლასიკური თეორიისა და მიგრაციის ახალი ეკონომიკის თანახმად, მიგრაცია ძირითადად ინდივიდებისა თუ ოჯახების მიერ გაკეთებული რაციონალური არჩევანის შედეგს წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ, სხვა ეკონომიკური თეორიები საკითხს მაკროეკონომიკური თვალსაზრისით უდგებიან და ამტკიცებენ, რომ გარე მიგრაცია ძირითადად იმ საერთაშორისო ძალების ზემოქმედების პროდუქტია, რომელიც ინდივიდუალურ არჩევანს სცილდება და ზღუდავს მას. ორმაგი შრომითი ბაზრის თეორიის თანახმად, გარე მიგრაცია გამოწვეულია უცხოური მუშა ხელის პერმანენტული მოთხოვნით განვითარებულ ქვეყნებში (პიორე, 1979), რასაც რამდენიმე ფაქტორი იწვევს: ჯერ ერთი, ხელფასები ასახავს არა მარტო პროდუქციისა და მოთხოვნის პირობებს, არამედ სტატუსსა და პრესტიჟს. შესაბამისად, რათა შენარჩუნებულ იქნას არსებული შრომითი იერარქია, ხელფასები ვერ უპასუხებს თავისუფალ ცვლილებებს მუშებით უზრუნველყოფაში. ამ პირობებში, დამქირავებლები, რომლებიც ეძებენ ნაკლებგანათლებულ მუშახელს, რომელიც იერარქიული სტრუქტურის ძირში იმყოფება, ვერ გაზრდიან ხელფასებს, რადგან ამით დაირღვევა სოციალური ბალანსი სტატუსსა და ანაზღაურებას შორის: ხელფასების გაზრდა იერარქიული სტრუქტურის ძირში გამოიწვევს ხელფასების გაზრდის მოთხოვნას იერარქიის ზედა დონეზეც. რათა თავიდან აიცილონ ასეთი ზეწოლა შრომითი ძალის ნაკლებობის პირობებში, დამქირავებლები ცდილობენ იაფი გადაწყვეტილება მონახონ: უცხოური მუშახელის იმპორტი, რომელიც თანახმა იქნება დაბალ ანაზღაურებაზე. მეორე ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ადგილობრივი მუშახელის დაქირავებას, არის ის, რომ იერარქიული სტრუქტურის ძირში მყოფი სამსახურები არ იძლევა აღმავალი სოციალური მობილობის საშუალებას. ამიტომ ასეთ სამუშაოზე მხოლოდ ის დათანხმდება, ვისთვისაც ის მხოლოდ ფულის შოვნის საშუალებაა და არ აწუხებს სტატუსის ამაღლების პრობლემა. უცხოელი მუშები განვითარებადი ქვეყნებიდან (განსაკუთრებით, არალეგალური სტატუსის მქონენი) თანახმა არიან ამგვარ სამსახურებზე, რადგან მათი დაბალი ხელფასი განვითარებულ ქვეყნებში გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალო ხელფასი განვითარებად ქვეყნებში. და ბოლოს, მესამე ფაქტორი, რომელიც ნაკლებგანათლებული მუშახელის ზრდას იწვევს განვითარებულ ქვეყნებში, ორმაგი ეკონომიკის განვითარებაა, რომელიც ხასიათდება კაპიტალ-ინტენსიური პირველადი სექტორისა და შრომა-ინტენსიური მეორადი სექტორის თანაარსებობით, აგრეთვე სეგმენტირებული შრომითი ბაზრით. პირველად სექტორში მომუშავე ადამიანები სტაბილურ, მაღალანაზღაურებად სამუშაოს ფლობენ; მეორად სექტორში მომუშავენი კი არასტაბილურ და დაბალანაზღაურებად სამუშაოს, რომლიდანაც შეიძლება ნებისმიერ დროს დაითხოვონ და რომელიც, რა თქმა უნდა, არც დაწინაურების საშუალებას იძლევა. რადგან ადგილობრივი მუშახელი არ თანხმდება ამგვარ სამუშაოზე, ამ სექტორში მუშახელის ნაკლებობას უცხოელი მუშახელი ავსებს. ეს განსაკუთრებით იმ საზოგადოებებში ხდება, სადაც ქალები და თინეიჯერები, სოციალური შეზღუდვებისა თუ უკეთესი სამუშაო პირობების გამო, არ მონაწილეობენ მეორად სექტორში.
Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)