მა მე მზ მი მკ მო მრ მუ მშ მც
მიგ მიკ

მიგრაციის თეორია ოჯახური მიგრაციისა და მიგრაციის სელექციურობისა

E. Theory of family migration and selectivity of migration
Rus. Теория семейной миграции и селективности миграции
ეს თეორია ნეოკლასიკური მოდელის გაფართოვებას წარმოადგენს, მიიჩნევს რა, რომ მიგრაციის დიდი ნაწილი მოიცავს მთელი ოჯახების მიგრაციას და არა ცალკეული ოჯახის წევრებისა. მინსერი (1978) იკვლევდა ოჯახის სხვადასხვა წევრებზე შემოსავლის განსხვავებული ოდენობის გავლენას. ასეთი მიდგომა უფრო რეალისტურია, რადგან ოჯახის ერთი წევრი შეიძლება მოელოდეს ზრდას, მეორე კი – დანაკარგს პოტენციურ შემოსავალში მიგრაციის ქვეყანაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახი შედგება ერთზე მეტი ეკონომიკურად აქტიური პიროვნებისაგან, კონფლიქტური მიზნების წარმოშობის ალბათობა რეალურად არსებობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახში ორი დაქორწინებული ზრდასრული ადამიანია, მათზე დამოკიდებული ან დამოუკიდებელი შვილებით, მინსერი (1978) აჩვენებს, რომ მიგრაციამ შეიძლება წარმოშვას „მჭიდროდ დაკავშირებული წამსვლელები" ან „მჭიდროდ დაკავშირებული დამრჩენები," და რომ ინდივიდისა და წყვილის ოპტიმალურ სტრატეგიებს შორის სხვაობა დამოკიდებულია კორელაციის ხარისხზე ქმრისა და ცოლის სარგებელს შორის მიგრაციიდან. მხოლოდ მაშინ, როცა ადგილი აქვს სრულყოფილ კორელაციას, ინდივიდისა და წყვილის ოპტიმალური სტრატეგიები ემთხვევა ერთმანეთს.

ბორჯასმა და ბრონარსმა (1989) გამოიყენეს მინსერის თეორია, რათა გაეანალიზებინათ შეერთებულ შტატებში მიგრაციის სელექციურობა. მხოლოდ ინდივიდუალური მიგრანტების შესწავლის საფუძველზე, ბორჯასმა (1987) აჩვენა, რომ მიგრანტის სამშობლოსა და მიგრაციის ქვეყანას შორის შემოსავლის სხვაობა გავლენას ახდენს იმ ადამიანის ტიპზე, რომელიც მიგრაციაში მიდის. თუ შემოსავლის სხვაობა უფრო მაღალია მიგრაციის ქვეყანაში, საშუალოზე მაღალი განათლების მქონე ადამიანებს უჩნდებათ მიგრაციის სურვილი, რადგან უფრო მაღალი ხელფასის ქონა შეუძლიათ მიგრაციის ქვეყანაში. თუკი შემოსავლის სხვაობა უფრო მაღალია მიგრანტის სამშობლოში, უფრო დაბალი განათლების მქონე ადამიანებს უჩნდებათ მიგრაციის სურვილი. თუმცა დაქორწინებული წყვილების შემთხვევაში, სელექციურობის ეფექტი მცირდება, რადგან მიგრანტები განათლების ნაკლები დონით, რომლებიც არ წავიდოდნენ დამოუკიდებლად მიგრაციაში იმ ქვეყანაში, სადაც შემოსავლის სხვაობა მაღალია, აღარ შეფერხდებიან, თუ დაქორწინებულნი არიან უფრო მაღალი განათლების მქონე ადამიანებზე.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9