| | |
სისტემური მიდგომა მთელ რიგ მოსაზრებებს ეფუძნება: პირველ რიგში, მიგრაცია ქმნის ერთიან სივრცეს, აერთიანებს რა მიგრაციის ქვეყანასა და მიგრანტის სამშობლოს. მიგრაციის მიზეზებისა და შედეგების გასაგებად, აუცილებელია ამ ერთიანი სივრცის მხედველობაში მიღება. მეორეც, მიგრაცია არის ერთ-ერთი იმ პროცესთაგანი, რომელიც აკავშირებს მიგრაციის ქვეყანასა და მიგრანტის სამშობლოს და მჭიდრო კავშირშია სხვა ისტორიულ, კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებთან. მესამეც, პროცესები, რომლებიც აკავშირებენ მიგრაციის ქვეყანასა და მიგრანტის სამშობლოს, დროთა განმავლობაში ორივე ქვეყნის პირობების ცვლილებას იწვევენ. მეოთხეც, სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარე მიგრაციის დინების განსაზღვრაში, სხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სტრატეგიული კავშირების ხელშეწყობით, რამაც შეიძლება ირიბი გზით გამოიწვიოს მიგრაცია. მეხუთეც, აუცილებელია იმ მექანიზმების განსაზღვრა, რომელთა გზით მაკროეკონომიკური დონე გავლენას ახდენს მიგრაციის გადაწყვეტილებაზე ინდივიდუალურ დონეზე. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია მიგრაციული ქსელები, რომლებიც შედგება მიგრანტებისგან, მათი ნათესავებისგან, მეგობრებისგან და ნაცნობებისგან, რომელთა სოციალური და ნათესაური ურთიერთობები მოქმედებს, როგორც კავშირები მიკროეკონომიკურ დონეზე მიგრაციის ქვეყანასა და მიგრანტის სამშობლოს შორის. სხვა მექანიზმები მოიცავენ დამქირავებელთა ინტერესებს, მულტინაციონალურ კორპორაციებს, საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, სამხედრო ერთეულებს და სხვებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანთა საერთაშორისო დინებაზე. შესაბამისად, სისტემური მიდგომა დაფუძნებულია მიგრაციული სისტემის, როგორც ქვეყნების ქსელის გაგებაზე რომელთა შორის მიგრაცია დიდადაა განპირობებული მთელი რიგი ქსელების ფუნქციონირებით, რომლებიც აკავშირებენ მიგრაციის აგენტებს აგრეგაციის სხვადასხვა დონეზე.
ქვეყნების ჯგუფი ჩაითვლება სისტემის შემქმნელად იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
1. მათ მსგავსი პოზიცია აქვთ მიგრაციასთან დაკავშირებით; ისინი შეიძლება ჩაითვალოს მიგრაციის წყაროდ ან დანიშნულების ადგილად;
2. დანიშნულების ადგილად ჩათვლილი ქვეყნები გამოირჩევიან ეკონომიკური განვითარების ერთნაირი დონით, კულტურული განვითარების მაღალი დონითა და მსგავსი ინსტიტუციონალური სტრუქტურებით;
3. ისინი გამოირჩევიან ერთიანობით მიგრაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში და მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები აქვთ.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |