| | |
მოსახლეობის აღწარმოება ალბათური პროცესია, რომელსაც წარმოქმნის შობადობისა და მოკვდაობის მრავალი ერთეული შემთხვევა. პოპულაციის ხანგრძლივი არსებობა გულისხმობს მისი გარემოსთან ურთიერთქმედების პირობების შენარჩუნებას, რაც შესაძლებელია დემოგრაფიული შემთხვევების გარკვეული სახით მოწესრიგების შემთხვევაში. მსგავს პროცესებს ადგილი აქვს ბუნებაშიც. ბუნებაში პოპულაციის გამრავლებას აქვს ბიოლოგიური საფუძვლები. ადამიანის წარმოშობისა და მისი და საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე პოპულაციის აღწარმოების მართვის სისტემა განიცდის თვისებრივ ცვლილებას. გამრავლების ბიოლოგიურ მექანიზმებთან ერთად თავს იჩენს მართვის სოციალური მექანიზმები და ფუნქციონირებას იწყებს მოსახლეობის აღწარმოების მართვის ახალი სისტემა.
მოსახლეობის აღწარმოება თავის განვითარებაში გაივლის სხვადასხვა ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოების განვითარებასთან. ისტორიულად მოსახლეობის აღწარმოების ყოველი მსხვილი ეტაპისათვის დამახასიათებელია დემოგრაფიული პროცესების თავისებური მსვლელობა შესაბამისი დემოგრაფიული ურთიერთობებით და დემოგრაფიული ქცევით. მოსახლეობის აღწარმოების ამ თვისებრივ ნიშანთა ხანგრძლივი დროის მანძილზე შენარჩუნებასა და განზოგადებას მივყავართ მოსახლეობის აღწარმოების ტიპების ცნებასთან და კაცობრიობის დემოგრაფიული ისტორიის განხილვასთან როგორც ამ ტიპების თანმიმდევრობით ცვლასთან.
მოსახლეობის აღწარმოების პროცესის რაოდენობრივ ზომაზე წარმოდგენას იძლევა მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის მაჩვენებლები, რომლებშიც გაერთიანებულია შობადობისა და მოკვდაობის რეჟიმის მაჩვენებლები. ისინი მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეგზოგენურ პარამეტრებს მიეკუთვნებიან და განსაზღვრავენ მის ენდოგენურ პარამეტრებს – მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას, აგრეთვე მოსახლეობის აღწარმოების ნეტო-კოეფიციენტს (ან მოსახლეობის ბუნებრივი მატების ჭეშმარიტ კოეფიციენტს).
მოსახლეობის აღწარმოება ერგოდიულ პროცესს წარმოადგენს. მოსახლეობის თანამედროვე ასაკობრივი სტრუქტურა ნაკლებად ხდება დამოკიდებული წინა სტრუქტურაზე და სულ უფრო მეტად – ეგზოგენური პარამეტრების წარსული პერიოდის დინამიკაზე (სუსტი ერგოდიულობა).
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეგზოგენური პარამეტრების როლი დემოგრაფიული სტაბილიზაციის პროცესში, რომელიც იწყება მას შემდეგ, როდესაც ეს პარამეტრები მუდმივი (გარკვეულ ფარგლებში) გახდება. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობა მიისწრაფვის წონასწორობის მდგომარეობისაკენ, რომლის დროსაც ის სტაბილური ხდება. მისი ასაკობრივი შემადგენლობა განისაზღვრება შობადობისა და მოკვდაობის რეჟიმით, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა არ არის დამოკიდებული ასაკობრივ შემადგენლობაზე (ძლიერი ერგოდიულობა). ამ დინამიკაში ასაკობრივი შემადგენლობის დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიმჩნევა მხოლოდ სტაბილიზაციის დამთავრების შემდეგ და ის საბოლოო ხდება.
საბოლოო ჯამში მოსახლეობის აღწარმოების პროცესი და მისი შედეგები დამოკიდებული არიან ეგზოგენურ პარამეტრებზე.
პირველი ცდები მოსახლეობის აღწარმოების გააზრებისა, როგორც შობადობისა და მოკვდაობის ერთიანობისა, გამოთქმული იყო ლ. ეილერის მიერ XVII ს. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ანალიზის ინტერესის სფეროს უფრო მისი ცალკეული შემადგენლები წარმოადგენენ, ვიდრე მოსახლეობის აღწარმოება მთლიანობაში. მხოლოდ XX ს. პირველი ათწლეულიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც შეიქმნა სტაბილური მოსახლეობის მოდელი, შესაძლებელი გახდა მოსახლეობის აღწარმოების პროცესის მთლიანობაში დანახვა და მისთვის დამახასიათებელი შინაგანი რაოდენობრივი დამოკიდებულების გაგება. დასრულებული სახით ეს მოდელი წარმოდგენილ იქნა ამერიკელი დემოგრაფის ალფრედ ლოტკას მიერ (1907 წ.) თუმცა მას ბევრი წინამორბედი ჰყავდა და შემდგომშიც არაერთმა დემოგრაფმა შეიტანა თავისი წვლილი მასთან დაკავშირებით.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |