| | |
მოკვდაობის დემოგრაფიული ანალიზის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოკვდაობის ფაქტორების ორ მსხვილ ჯგუფად დაყოფა:
1) ენდოგენური, რომლებიც გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმის შინაგანი განვითარებით და
2) ეგზოგენური, რომლებიც დამოკიდებულია გარემოს მოქმედებაზე. სიკვდილი ყოველთვის არის ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების ურთიერთმოქმედების შედეგი, მაგრამ მათი როლი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განსხვავებულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვან განსხვავებას ჰქონდა ადგილი კაცობრიობის ისტორიის თვალსაზრისით.
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მოკვდაობამ განიცადა მნიშვნელოვანი თვისებრივი და რაოდენობრივი ცვლილებები. თვისებრივ ცვლილებებში აღსანიშნავია მოკვდაობის ეგზოგენური ფაქტორების მოქმედების შესუსტება და თაობათა ამოწყდომის პროცესში შემთხვევითობის როლის შემცირება. რაოდენობრივი ცვლილებების თვალსაზრისით აღსანიშნავია ამოწყდომის რიგითობის ტრანსფორმაცია, რომელსაც მოჰყვა ყოველი თაობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდა. ამ ცვლილებებს არ გააჩნდათ თანდათანობითი ხასიათი, ისინი ნახტომისებურად წარმოებდნენ. მოკვდაობის თვისებრივი და შესაბამისი რაოდენობრივი ნახტომები დაკავშირებული იყო მსხვილ სოციალურ-ეკონომიკურ ძვრებთან.
ისტორიულ-დემოგრაფიული გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ ჯერ კიდევ შედარებით არც თუ ისე დიდი ხნის წინ ყველა ხალხისათვის დამახასიათებელი იყო ძირითადად ეგზოგენური მოკვდაობა და თაობათა ამოწყდომის მაღალი სიჩქარე. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვეულებრივ დაახლოებით 30 წელს შეადგენდა და არასოდეს აღემატებოდა 35 წელს, ხოლო მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი, როგორც წესი, 32-40‰ ნაკლები არ იყო. ასეთი ვითარების ცვალებადობა პირველად დასავლეთ ევროპაში დაიწყო XVIII ს. ბოლოს და გამოხატული ხასიათი მიიღო დაახლოებით XIX ს. შუა პერიოდიდან. ამ ცვალებადობის შედეგად პირველად ისტორიაში მოხდა არა მარტო მოკვდაობის ეგზოგენური ფაქტორების შეზღუდვა, არამედ მათ გადაინაცვლეს უკანა პლანზე და გადამწყვეტი მნიშვნელობა მიეცათ მოკვდაობის ენდოგენურ ფაქტორებს. არსებითად შეიცვალა სიკვდილის მიზეზთა სტრუქტურა. მკვეთრად შემცირდა სიკვდილის წილი, რომლებიც გამოწვეული იყო ისეთი ეგზოგენური მიზეზებით, როგორიცაა შიმშილი, ეპიდემიები, ტუბერკულოზი, კუჭ-ნაწლავთა, ინფექციური და სხვა მსგავსი დაავადებებით. გადამწყვეტი როლი მიენიჭათ ენდოგენურ ფაქტორებს, ძირითადად სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებს. XX ს. მსგავსი პროცესები თანდათან გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში აღნიშნული ცვალებადობა დაიწყო XIX ს.
მოკვდაობა პირველი დემოგრაფიული პროცესია, რომელიც მეცნიერული ანალიზის ობიექტი გახდა. სწორედ მოკვდაობის შესწავლა დაედო საფუძვლად ჯ. გრაუნტის ნაშრომს (1662 წ.). განვლილი დროის მანძილზე შემუშავებულ იქნა მის შესწავლის სპეციფიკური მეთოდები. მოკვდაობის შესწავლისას დემოგრაფია მჭიდრო ურთიერთკავშირშია ისეთ სხვა მეცნიერულ დისციპლინებთან, როგორიცაა მათემატიკა, სტატისტიკა, სოციალური ჰიგიენა, გერონტოლოგია და სხვა.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |