დ. უზნაძის მიერ ქცევის მიზანშეწონილობის ასახსნელად შემუშავებული თეორია. დ. უზნაძემ ფსიქოლოგიაში პირველად დაამუშავა ე.წ. ფიქსირებული განწყობის მეთოდი და შესაძლებელი გახადა განწყობის ბუნების შესწავლა იმ როლის საფუძველზე, რომელსაც ის თამაშობს ილუზიის წარმოებაში, მის მიმდინარეობასა და ჩაქრობაში. ფიქსირებული განწყობის მეთოდით შესწავლილ იქნა განწყობის სხვადასხვა განზომილება, დადგინდა განწყობის სახეები. იმავე დროს გაირკვა, რომ ამა თუ იმ ინდივიდს ახასიათებს განწყობის ცალკეულ განზომილებათა სხვადასხვაგვარი ერთობლიობა.
განწყობა მთლიანობით მდგომარეობაა, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ინდივიდის ყველა სხვა დიფერენცირებული პროცესისა და ფსიქიკური თავისებურებებისაგან. განწყობის თეორიის მიხედვით, განწყობის წარმოქმნის ფაქტორებია მოთხოვნილება და სიტუაცია. მოთხოვნილებისა და მისი დაკმაყოფილების სიტუაციის თანხვდომის შედეგად წარმოიქმნება განწყობა გარკვეული ქცევის შესრულებისადმი. ამრიგად, ქცევა წარმოდგენილია როგორც განწყობის ფაქტორებით განსაზღვრული და ამავე დროს მიზანმიმართული მოქმედება.
განწყობის თეორიის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა შ. ნადირაშვილმა.