და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული ბადე

E. Demographic net
Rus. Сетка демографическая
ლექსის-პრესას ბადე, გრაფიკული აგებულება, ადამიანთა ერთობლიობისა და მათ სიცოცხლეში შემთხვევათა გამოსახატავად, რომელიც განკუთვნილია თაობაში დემოგრაფიული პროცესების ძირითადი მახასიათებლების გამოსაანგარიშებლად და დროში მათი მიმდინარეობის ანალიზისათვის.

დემოგრაფიული ბადე ემსახურება დემოგრაფიულ ერთობლიობებს შორის, გეომეტრიული გზით, ლოგიკური თანაფარდობის დასაბუთებას, იმ რიცხვების მიღებას, რომელთა მნიშვნელობების დაკვირვება უშუალოდ ვერ ხერხდება. დემოგრაფიული ბადე აადვილებს განივი ანალიზის, სიგრძივი ანალიზისა და დემოგრაფიული ცხრილების შედგენისათვის აუცილებელ გამოანგარიშებებს.

დემოგრაფიული ბადე გამოსახავს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში დემოგრაფიულ შემთხვევათა ცვლილების შედეგად კოჰორტის რიცხოვნობის შემცირებას. ჰორიზონტალურ ღერძზე გადაითვლება კალენდარული დრო, ვერტიკალზე – ამა თუ იმ დემოგრაფიულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა (ასაკი, ქორწინების ხანგრძლივობა და ა.შ.). კოორდინატთა ღერძები ჩვეულებრივ იყოფა თანატოლ მონაკვეთებად, რომლებიც შეესატყვისება დროისა და მდგომარეობის ხანგრძლივობის ერთი და იგივე მონაკვეთებს. ღერძებიდან აღმართული პერპენდიკულარები ქმნიან კვადრატებისაგან შემდგარ ბადეს, რომლის გვერდის სიგრძე შეესაბამება დროის ერთეულს. სკალის დანაწევრების ხარისხი დამოკიდებულია შესასწავლი მოვლენის გავლენით კოჰორტის შეცვლის სისწრაფეზე. მაგ., ჩვილთა მოკვდაობის შესწავლისას სკალა დაყოფილია თვეებისა და ზოგჯერ დღეების მიხედვით. სხვა დემოგრაფიული პროცესების შესწავლისას – ძირითადად წლების მიხედვით, ნაკლებად – ხუთი წლის მიხედვით.

დემოგრაფიული ბადეზე ანალიზი ხორციელდება სამი სახის პარალელური ხაზების მეშვეობით: ჰორიზონტალური - ასაკის ხაზი, ვერტიკალური - სიცოცხლის ხაზი, რომელიც აერთიანებს დროის ერთი და იგივე მომენტებს და დიაგონალური - იზოქრონა, რომელიც მიდის მარცხნიდან მარჯვნივ ზევით 45º -იანი კუთხით. აღნიშნული დასახელებები ხასებისათვის გამომდინარეობს იქიდან, რომ თავდაპირველად დემოგრაფიული ბადე შემოღებულ იქნა მოკვდაობის შესწავლისათვის. სადღეისოდ ანალიზის ხერხები დემოგრაფიული ბადის მეშვეობით განზოგადებულია სხვა დემოგრაფიული პროცესების მიმართაც.

დემოგრაფიული ბადე საშუალებას იძლევა, რომ შემთხვევათა დროის ორი მახასიათებლით განისაზღვროს მესამე დროითი მახასიათებელი და ეს შემთხვევები სწორად იქნას მიკუთვნებული ამა თუ იმ თაობის, ან ამა თუ იმ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობის ინტერვალს.

დემოგრაფიული ბადე როგორც დემოგრაფიული პროცესების ანალიზის ინსტრუმენტი შემოიღო გერმანელმა მეცნიერმა ვ. ლექსისმა 1875 წ. XX ს. შუა პერიოდიდან მის პარალელურად დაიწყეს ფრანგი მეცნიერის რ. პრესას მიერ შემუშავებული დემოგრაფიული ბადის გამოყენება,რომელსაც რამდენადმე სხვა სახე აქვს ვ. ლექსისის დემოგრაფიული ბადესთან შედარებით,თუმცა მათი აგების პრინციპები ერთმანეთს შეესაბამება. განსხვავება შეიმჩნევა მხოლოდ სიცოცხლის ხაზისა და იზოქრონას განლაგებაში კოორდინატთა სიბრტყეზე და როგორც ამის შედეგი – გამოსახულ ერთობლიობათა კონფიგურაციის განსხვავებაში.

დემოგრაფიული ბადის მაგალითი

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9