და დე დი დრ დღ
დედ დევ დეზ დეი დემ დეპ

დემოგრაფიული ერთობლიობები

E. Demographic unities
Rus. Демографические совокупности
ადამიანთა ჯგუფები და მათ სიცოცხლეში მომხდარი დემოგრაფიული შემთხვევები, რომელიც გამოიყოფა დემოგრაფიული პროცესების ანალიზის, ცხრილების აგებისა და სხვა გაანგარიშებათა დროს.

დემოგრაფიული შემთხვევები დემოგრაფიული ანალიზისას განიხილება როგორც ადამიანებზე მომხდარი მოვლენები, რომლებიც გარკვეულ დემოგრაფიულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამასთან მათ შეიძლება გააჩნდეთ სამი დროული კოორდინატი; ადამიანის მოცემულ დემოგრაფიულ მდგომარეობაში შესვლის კალენდარული თარიღი (მაგ., დაბადების ან დაქორწინების თარიღი), დემოგრაფიული შემთხვევის დადგომის მომენტისათვის მისი ამ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობა (მაგ., ასაკი, ქორწინების ხანგრძლივობა) და შემთხვევის დადგომის კალენდარული თარიღი (მაგ. გარდაცვალების თარიღი, ქორწინების შეწყვეტის თარიღი).

ადამიანთა ერთობლიობაში ამა თუ იმ დემოგრაფიულ შემთხვევათა სიხშირე (დაბადებები, ქორწინებები, გარდაცვალებები) განისაზღვრება ასეთ შემთხვევათა რაოდენობის შეპირისპირების გზით იმ ადამიანთა რაოდენობასთან, რომლებისთვისაც ამ შემთხვევებს შეიძლება ჰქონდა ადგილი.

დემოგრაფიული ერთობლიობებში განასხვავებენ შემთხვევათა ერთობლიობებს (სიკვდილის ან განქორწინების შემთხვევები და სხვა) და მოსახლეობის ერთობლიობებს.

მოსახლეობის ერთობლიობები წარმოადგენენ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც გარკვეულ დემოგრაფიულ მდგომარეობაში იმყოფებიან და რომლებიც ამ მდგომარეობაში შევიდნენ გარკვეული კალენდარული პერიოდის განმავლობაში (კოჰორტა). პერიოდი ჩვეულებრივ განისაზღვრება ერთი ან ხუთი წლით.

მოსახლეობის ერთობლიობებში გამოყოფენ ორ სახეობას – მოსახლეობის პირველი სახის ერთობლიობებს და მოსახლეობის მეორე სახის ერთობლიობებს. მოსახლეობის პირველი სასის ერთობლიობები – მოსახლეობის ის ჯგუფებია, რომლებმაც მიაღწიეს მოცემულ მდგომარეობაში ყოფნის ხანგრძლივობის ზუსტ მნიშვნელობას. მაგ. კოჰორტა დაბადების წლის მიხედვით, რომელმაც მიაღწია ერთნაირ ზუსტ ასაკს.

მოსახლეობის მეორე სახის ერთობლიობები – ადამიანთა ის ჯგუფებია, რომლებმაც მოცემულ მდგომარეობაში მიაღწიეს რომელიმე კალენდარულ მომენტს. მაგ. კოჰორტა დაბადების წლის მიხედვით, რომელმაც მიაღწია ერთი და იგივე კალენდარულ მომენტს.

წარმოდგენა დემოგრაფიული ერთობლიობების შესახებ აღმოცენდა XVIII ს. მეორე ნახევარში გარდაცვალების ასაკზე დამოკიდებულების შესწავლისას და სათანადოდ განვითარებული სახე მიიღო უკვე XIX ს. მეორე ნახევარში.

დემოგრაფიული ერთობლიობების მაგალითი

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9