1) სისხლით ნათესავთა ჯგუფი, რომლის წევრები თავიანთ წარმომავლობას დედის ან მამის მხრიდან საერთო (რეალურ ან მითურ) წინაპარს უკავშირებდნენ და საერთო სახელწოდება ჰქონდათ. გვარში დაცული იყო ეგზოგამია. გვარი წარმოიშვა პირველყოფილ ადამიანთა ჯოგიდან ქვედა პალეოლითისა და ზედა პალეოლითის მიჯნაზე. ეგზოგამიის წესის თანახმად, გვარს არ შეეძლო დამოუკიდებელი არსებობა და ტომში იყო გაერთიანებული.
2) დაბადებით ან ქორწინებით მიღებული და შთამომავლობით გარდამავალი გვარეობითი სახელწოდება, რომელიც ერთვის ადამიანის საკუთარ სახელს. არსებული კანონმდებლობით, დაქორწინების დროს მეუღლეებს შეუძლიათ საერთო გვარად აირჩიონ ერთ-ერთი მეუღლის გვარი, დაიტოვონ თავიანთი ქორწინებამდელი გვარი, ანდა თავის გვარს შეუერთონ მეუღლის გვარი. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მშობლების შეთანხმებით ან დედის გვარი მიეკუთვნება, ან მამისა. განქორწინების შემთხვევაში მეუღლეს უფლება აქვს დაიტოვოს ქორწინებისდროინდელი გვარი, ან აღიდგინოს ქორწინებამდელი გვარი. მშობლების განქორწინების შემთხვევაში შვილს გვარი არ ეცვლება