და დე დი
დედ დევ დეზ დეი დემ

დემოგრაფია ეკონომიკური

E. Economic demography
Rus. Экономическая демография
დემოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის აღწარმოების ურთიერთკავშირს, დემოგრაფიული პროცესების ხასიათის გავლენას ეკონომიკური ზრდის სტრუქტურასა და პროპორციებზე.

ეკონომიკური დემოგრაფიის მიერ გამოყენებულ ანალიზის სპეციფიკურ ხერხებს შორის აღსანიშნავია – ასაკობრივი ეკონომიკური ცხრილები, ეკონომიკურ-დემოგრაფიული გაანგარიშებები და მათემატიკური ეკონომიკურ-დემოგრაფიული მოდელები.

ეკონომიკური დემოგრაფიის სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების მეცნიერულად დამუშავების პირველი ცდები XIX ს. შუა პერიოდს განეკუთვნება. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ინგლისელი უ. ფარი და რუსი ა. როსლავსკი-პეტროვსკი. XX ს. 20-იანი წწ. ბოლოს ამერიკელმა მეცნიერმა ა. ჰანსენმა განიხილა მოსახლეობის მატების ტემპის შემცირების უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. XX ს. მეორე ნახევარში დემოგრაფები ა. ლანდრი, ა. სოვი. ჟ. ბურჟუა-პიშა, ლ. ანრი, ე. კოული, კ. ბოულდინგი და სხვები, განიხილავენ წარმოებისა და მოსახლეობის მატების ურთიერთკავშირის პრობლემებს. სადღეისოდ შემუშავებულია „მოსახლეობა-ეკონომიკა“ სახის სხვადასხვა მოდელი, რომელშიც მოსახლეობის აღწარმოების პროცესი განიხილება ეროვნული შემოსავლის მოცულობის, მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ერთი ადამიანის მიერ მოხმარებული კალორიებისა და სხვ. მიხედვით.

ეკონომიკური დემოგრაფიის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს დემოგრაფიული პოლიტიკის სხვადასხვა ღონისძიების შესაძლებელი ეკონომიკური შედეგების ანალიზი.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9