და დე დი
დედ დევ დეზ დეი დემ

დემოგრაფია

E. Demography
Rus. Демография
(ბერძნულად ნიშნავს: დემოს – ხალხი და გრაფო – ვწერ)

მეცნიერება მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებათა შესახებ. დემოგრაფიული პროცესები განპირობებულია საზოგადოებრივ-ისტორიული განვითარებით.

ტერმინი „დემოგრაფია“ პირველად გამოიყენა ფრანგმა მეცნიერმა აშილ გიიარმა 1855 წელს თავისი წიგნის სათაურში – „ადამიანთა სტატისტიკის ელემენტები ანუ შედარებითი დემოგრაფია“ ა. გიიარის განმარტებით დემოგრაფია ესაა „ადამიანთა მოდგმის ბუნებრივი და სოციალური ისტორია“. ტერმინმა „დემოგრაფია“ ოფიციალური აღიარება მოიპოვა ჰიგიენისა და დემოგრაფიის საერთაშორისო კონგრესის ჟენევის სესიაზე 1882 წელს; გავრცელება ჰპოვა XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში. თავდაპირველად ტერმინი „დემოგრაფია“ გამოიყენებოდა როგორც მოსახლეობის სტატისტიკის სინონიმი.

ცნობები მოსახლეობის შესახებ უძველესი დროიდან იყო ცნობილი. მაგრამ მოსახლეობის განვითარების კანონზომიერებათა შესახებ მეცნიერული კვლევა XVII ს. იღებს დასაწყისს. მის ფუძემდებლად მიჩნეულია ინგლისელი ჯონ გრაუნტი, რომლის ავტორობითაც 1662 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი „ბუნებრივი და პოლიტიკური დაკვირვებანი მოკვდაობის ბიულეტენთა საფუძველზე“.

დემოგრაფიის საგნის გაგება და შინაარსი იცვლებოდა ცოდნის გაღრმავებისა და მეცნიერების დიფერენციაციასთან ერთად. XX ს. შუა პერიოდში გარკვეულ იქნა, რომ დემოგრაფია არ დაიყვანება მარტოოდენ მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობისა და მიგრაციის სტატისტიკამდე. შეცნობილ იქნა, რომ დემოგრაფიას აქვს თავისი კვლევის სპეციფიკური საგანი, სინამდვილის გარკვეული მხარე, რომელსაც არ შეისწავლის არც ერთი სხვა მეცნიერება; კერძოდ – ადამიანთა თაობის განახლება, ე.ი. შობადობის, მოკვდაობის, მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ფორმირებისა და აგრეთვე ქორწინებისა და განქორწინების პროცესების ურთიერთქმედება, რაც მთლიანობაში მოსახლეობის აღწარმოებას განეკუთვნება. იმავე დროს მიგრაცია სულ უფრო ხშირად განიხილება როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების საგანი, რომელიც შეისწავლის ადამიანთა განსახლება-გადაადგილების კანონზომიერებებსა და მათ ცვალებადობას.

დემოგრაფია ამუშავებს დემოგრაფიული პროცესებისა და დემოგრაფიული სტრუქტურების აღწერილობის, ანალიზისა და პროგნოზირების მეთოდებს. პრაქტიკულად დემოგრაფიული კვლევის სფეროში შედის დემოგრაფიული ვითარების აღწერილობა, ქვეყანაში, მის ცალკეულ რაიონებში ან მოსახლეობის ჯგუფებში დემოგრაფიული ტენდენციებისა და ფაქტორების ანალიზი. სხვადასხვა თაობაში, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებსა და ზოგადად მოსახლეობაში დემოგრაფიული პროცესების თავისებურებების შესწავლის საფუძველზე, დემოგრაფია აფასებს მათ შესაძლებელ ცვალებადობას მომავალში და შეიმუშავებს დემოგრაფიულ პროგნოზებს.

დემოგრაფია შეისწავლის არა ცალკეული ადამიანის მახასიათებლებსა და მათ ცვალებადობას, არამედ მათ ერთობლიობებს, რომლებსაც გარკვეული მახასიათებლები აქვთ. ასეთი ერთობლიობები ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით ერთგვაროვანია. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე დემოგრაფიულ ერთობლიობაში შეიძლება შედიოდნენ არა მარტო ადამიანები, არამედ ოჯახი ან უფრო მსხვილი ისეთი ჯგუფები, როგორიცაა თაობა. ასეთ შემთხვევაში შესწავლის ობიექტი ხდება ჯგუფის სტრუქტურაც.

ცალკეული დემოგრაფიული შემთხვევები – დაბადება, სიკვდილი, ქორწინება და ქორწინების შეწყვეტა დემოგრაფიაში განიხილება როგორც სიმრავლე, როგორც ასეთ შემთხვევათა თანმიმდევრობა, რომელიც თაობის ცხოვრების მანძილზე ხდება. დემოგრაფიულ შემთხვევათა თანმიმდევრობა წარმოქმნის დემოგრაფიულ პროცესებს: შობადობას, მოკვდაობას, ქორწინებას, განქორწინებას, დაქვრივებას და მათი ურთიერთმოქმედების შედეგად მოსახლეობის აღწარმოებას.

არსებული ნორმები და განწყობები განსაზღვრავენ შესაბამის დემოგრაფიულ ქცევას: მატრიმონიალური – ქორწინებაში შესვლა და ოჯახის ფორმირება, რეპროდუქციული – ბავშვთა შობა, თვითშენახვითი – დამოკიდებულება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისადმი.

მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებებისა და ზოგადად მოსახლეობის აღწარმოების ძირითადი ტენდენციების შესწავლა ეფუძნება ისტორიულ პრინციპს. ამ პრინციპის თანმიმდევრული გამოყენება გულისხმობს არა მარტო დემოგრაფიული პროცესების ქრონოლოგიური თანმიმდევრობის შესწავლას, არამედ დემოგრაფიული პროცესების ისტორიული ტენდენციების გახსნა-გამოვლენასაც. დემოგრაფიული განვითარების ინერციულობა, რომელიც განპირობებულია დემოგრაფიული პროცესებისა და სტრუქტურების ურთიერთგავლენით, განსაზღვრავს დემოგრაფიულ ცვალებადობათა ხანგრძლივობას როგორც კალენდარულ, ისევე ისტორიულ მასშტაბში.

მოსახლეობის აღწარმოების კანონზომიერებათა ახსნის მიზნით, დემოგრაფია იყენებს სხვა მეცნიერებათა ცოდნასა და გამოცდილებას. აქედან გამომდინარე, დემოგრაფიას მჭიდრო კავშირი აქვს სხვა მეცნიერებებთან. მოსახლეობის აღწარმოების განხილვა როგორც პროცესისა განსაზღვრავს მის კავშირს ისტორიულ მეცნიერებასთან. დემოგრაფიის კავშირი ეკონომიკურ მეცნიერებებთან გამომდინარეობს დემოგრაფიულ პროცესებზე საწარმოო ძალთა განვითარების დონისა და ეკონომიკური ფაქტორების გავლენით. მოსახლეობის აღწარმოების დამოკიდებულება სოციალურ ინსტიტუტებსა და სოციალურ კავშირებზე განაპირობებს მის კავშირს სოციოლოგიასთან. დემოგრაფიულ ქცევათა სახეობების შესწავლა განსაზღვრავს დემოგრაფიის კავშირს ფსიქოლოგიასთან. ზოგიერთი დემოგრაფიული შემთხვევა რეგლამენტირებულია სამართლებრივი ნორმებით, ხოლო დემოგრაფიული პოლიტიკა კანონმდებლობითაც ხდება განმტკიცებული, რაც მიუთითებს დემოგრაფიის კავშირს სამართლისმცოდნეობასთან. ადამიანთა განსახლება და მათი გადაადგილება მოქმედებს მოსახლეობის აღწარმოებაზე. ამასთან დემოგრაფიული პროცესები მიმდინარეობენ და განიხილებიან გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა შორის. ეს კი განსაზღვრავს დემოგრაფიის კავშირს. გეოგრაფიულ მეცნიერებასთან. დემოგრაფიას კავშირი აქვს ასევე მედიცინასთან, ბიოლოგიასთან და სხვა მეცნიერებებთან. აღსანიშნავია დემოგრაფიის კავშირი მათემატიკასთან.

დემოგრაფიის კავშირმა აღნიშნულ მეცნიერებებთან და ზოგადად დემოგრაფიის განვითარებამ განაპირობა თვითონ დემოგრაფიაში მრავალი დარგის ჩამოყალიბება და განვითარება. ასეთი დარგებია: აღწერილობითი დემოგრაფია, გამოყენებითი დემოგრაფია, ეთნიკური დემოგრაფია, ეკონომიკური დემოგრაფია, თეორიული დემოგრაფია, ისტორიული დემოგრაფია, მათემატიკური დემოგრაფია, პოტენციური დემოგრაფია, რეგიონული დემოგრაფია, სამხედრო დემოგრაფია, სოციოლოგიური დემოგრაფია, დემოგრაფიული სტატისტიკა, გეოდემოგრაფია, პალეოდემოგრაფია და სხვა ზოგიერთ შემთხვევაში დემოგრაფიის ასეთი დაყოფა დარგების მიხედვით პირობითია.

დემოგრაფიის ზემომოყვანილი დარგების ფარგლებში მიმდინარეობს შემდგომი სპეციალიზაციის პროცესი. მაგ. სოციოლოგიურ დემოგრაფიაში – შობადობის სოციოლოგია, ოჯახის სოციოლოგია და სხვა.

ზოგიერთი დემოგრაფის აზრით, ყოველ დემოგრაფიულ დარგს გააჩნია თავისი ე.წ. „სარკისებური წყვილი“. მაგალითად, ეკონომიკურ დემოგრაფიას – დემოგრაფიული ეკონომიკა. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური დემოგრაფიის ძირითადი მიზანია შეისწავლოს ეკონომიკური ფაქტორების გავლენა მოსახლეობის აღწარმოებაზე, ხოლო დემოგრაფიული ეკონომიკის – დემოგრაფიული ფაქტორების როლი ეკონომიკურ განვითარებაში.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9