და დე დი
დედ დევ დეზ დეი დემ

დემოგრაფია ისტორიული

E. Historical demography
Rus. Историческая демография
დემოგრაფიის დარგი, რომელიც მოსახლეობის აღწარმოებას ისტორიული თვალსაზრისით შეისწავლის. ისტორიული დემოგრაფიის ძირითად მიზანს შეადგენს მოსახლეობის აღწარმოების ისტორიული კანონზომიერებების დადგენა.

ისტორიულ დემოგრაფიაში გამოყოფენ კონკრეტული კვლევის სამ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას. პირველი – შეისწავლის მოსახლეობის რაოდენობის ისტორიულ დინამიკას, მისი შემადგენლობის ცვალებადობას, სიმჭიდროვეს, განსახლებასა და მიგრაციას. მეორის მიზანია – დემოგრაფიული პროცესების ისტორიული ევოლუციის ყოველმხრივი ანალიზი და მოსახლეობის აღწარმოების ისტორიული ტიპების კვლევა. მესამე მიმართულება დაკავშირებულია დემოგრაფიული განვითარების ისტორიული განპირობებულობისა და ისტორიაში დემოგრაფიული ფაქტორების როლის ერთიანობის ახსნის ამოცანის გადაწყვეტასთან.

წყაროების მდგომარეობის თვალსაზრისით ისტორიული დემოგრაფია იყოფა სამ პერიოდად: „დამწერლობამდელი“, „სტატისტიკამდელი“ და „სტატისტიკური“.

ისტორიული დემოგრაფიის ანალიზის ელემენტებს ჯერ კიდევ ჯ. გრაუნტის ნაშრომი შეიცავდა (XVII ს.), თუმცა ისტორიულ დემოგრაფიის ჩამოყალიბება, როგორც მეცნიერული დარგისა, XIX ს. ბოლოს იწყება. პირველად სწორედ ამ პერიოდში იქნა გამოყენებული ტერმინი „დემოგრაფია ისტორიული“ რომელმაც თუმცა ფართო გავრცელება XX ს. 50-იანი წლებიდან დაიწყო.

ისტორიულ დემოგრაფიაში აღსანიშნავია ლ. ანრის, ფ. არიესის, დ. გლასის, ა. ლანდრის, ჯ. ლასლეტის, ჯ. რასელის, დ. შელესტოვის, ჯ. ჰაჯნალისა და სხვა მეცნიერთა შრომები. ამ მხრივ საქართველოში აღსანიშნავია კ. ანთაძის, პ. გუგუშვილის, ივ. ჯავახიშვილის, ე. ჯაოშვილისა და სხვ. შრომები.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9