სი
სიგ

სიგრძივი (გასწვრივი) ანალიზი

E. Longitudinal analysis
Rus. Продольный анализ
დემოგრაფიული პროცესების შესწავლის წესი, რომლის დროსაც ისინი აღიწერებიან და ანალიზდებიან კოჰორტაში. სიგრძივი ანალიზი გულისხმობს მოცემული კოჰორტისათვის ამა თუ იმ დემოგრაფიული პროცესის მახასიათებლების მიღებას, რომლებიც დამოკიდებულია კოჰორტის წარმოშობისა და მოცემული მდგომარეობის დადგომის დროის შუალედზე (კოჰორტისათვის დაბადების დროის მიხედვით – ასაკზე, საქორწინო კოჰორტისათვის – ქორწინების ხანგრძლივობაზე და ა.შ.) სიგრძივი ანალიზი წარმოებს რიგი კოჰორტების შედარებითი ანალიზის საფუძველზე.

განივი ანალიზისაგან განსხვავებით, სიგრძივი ანალიზისას დემოგრაფიული შემთხვევები განიხილება მათი ბუნებრივი თანმიმდევრობის მიხედვით, როგორც ერთი კოჰორტის ან კოჰორტათა ჯგუფის სიცოცხლეში მომხდარი. გრაფიკული გამოსახულებისას მას შეესატყვისება დემოგრაფიულ შემთხვევათა ერთობლიობა დემოგრაფიულ ბადეზე სიცოცხლის ხაზის გასწვრივ.

სიგრძივი ანალიზის პირობებში სხვადასხვა კოჰორტის დემოგრაფიულ შემთხვევათა სიხშირის შედარებისას შეიძლება მივიღოთ სწორი წარმოდგენა ცხოვრების პირობების ცვალებადობის გავლენის შესახებ დემოგრაფიული პროცესების დინამიკაზე. ამასთან, სიგრძივი ანალიზისას ეს მდგომარეობა უფრო ზუსტად იქნება გადმოცემული, ვიდრე განივი ანალიზისას.

სიგრძივი ანალიზი და განივი ანალიზი განსხვავდება ერთმანეთისაგან მაჩვენებლების გაანგარიშების წესით. სიგრძივი ანალიზისას ადამიანების შესაბამისი დემოგრაფიული შემთხვევები განიხილება იმ კოჰორტაში, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, ხოლო განივი ანალიზისას – მოცემული კალენდარული წლის განმავლობაში.

განივი ანალიზისას გამოიყენება მიმდინარე აღრიცხვის მასალები და შესაბამისი მონაცემები, ხოლო სიგრძივი ანალიზისას – მოსახლეობის აღწერებისა და სპეციალური გამოკვლევების დროს მიღებული რეტროსპექტიული მონაცემები და თაობათა ჭრილში დამუშავებული რამდენიმე წლის მიმდინარე აღრიცხვის მონაცემები.

სიგრძივი ანალიზის, განივ ანალიზთან შედარებით, განსაკუთრებით მაშინ აქვს უპირატესობა, როდესაც შეისწავლება ის პროცესები, რომელთათვის დემოგრაფიული შემთხვევები თაობაში წარმოებს დროის შედარებით მცირე მონაკვეთის განმავლობაში (მაგ. შობადობისა და ქორწინების შესწავლისას). ასევე დიდია სიგრძივი ანალიზის მნიშვნელობა დემოგრაფიულ შემთხვევათა კალენდარის და ამ კალენდარის ცვალებადობის შესწავლისას.

წარმოდგენა სიგრძივი ანალიზის შესახებ პირველად ჩამოაყალიბა ლექსისმა 1875 წელს. ამერიკელმა დემოგრაფმა პასკალ უელპტონმა XX ს. 50- იან წლებში პირველმა აღნიშნა განსხვავება ჰიპოთეზურ და რეალურ კოჰორტებს შორის და შემოიღო ტერმინი „სიგრძივი ანალიზი” და „განივი ანალიზი“.

Source: დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი /UNFRA გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი; შემდგ.: გიორგი წულაძე; [სარედ. კოლ.: ა. სულაბერიძე (მთ. რედ.) [და სხვ.]. თბ., 2012 (შპს „ვესტა“)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9