ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი _ წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველხე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოისახება სახელმწიფო გერბი, არიან: საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, საზღვარგარეთ საქართველოს სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები, საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტები, სამხედრო ნაწილები, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და საქართველოს საერთო სასამართლოები. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება: საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისას, საქართველოს ფულის ნიშნებზე (ბანკნოტებსა და მონეტებზე) და უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე. მცირე სახელმწიფო გერბი – ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება საქართველოს პრეზიდენტის სტანდარტზე. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, არიან: აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები და ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, რომლებზედაც დელეგირებულია სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება. სამხედრო ხომალდებზე და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. (საქართველოს ორგანული კანონი “სახელმწიფო გერბის შესახებ”, მუხ. 3)
Source: განმარტებითი ლექსიკონი საჯარო მოსამსახურეთათვის : სამაგიდო წიგნი / [ავტ. კოლ.: კახა დემეტრაშვილი, ვაჟა გურგენიძე, ნოდარ ხადური და სხვ.] ; საქ. პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამა. - [თბ., 2007]. - 215 გვ. ; 20 სმ.см.. - (საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკა : მოხელე და კანონმდებლობა / გაეროს განვით. პროგრ. და საქ. პარლამენტის პროექტი "საქ. პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობისა და ტრანსპარენტობის გაუმჯობესება")