ავტორის ვინაობის საეჭვოობისას, თუ საპირისპირო არ დამტკიცდება, ნაწარმოების ავტორად მიიჩნევა პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან მის ეგზემპლარზე. ასევეა ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდაა ცნობილი.
როდესაც ნაწარმოები ქვეყნდება ფსევდონიმით ან ანონიმურად (იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდაა ცნობილი), გამომცემელი, რომლის სახელი ან დასახელებაც აღნიშნულია ნაწარმოებზე, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება, ითვლება ავტორის წარმომადგენლად. წარმომადგენელს უფლება აქვს დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება, იქამდე, სანამ ასეთი ნაწარმოების ავტორი არ გაამჟღავნებს თავის ვინაობას.