ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია. ისმოს დაფუძნების კონვენცია მიღებულ იქნა 1967 წლის 14 ივლისს ქ. სტოკჰოლმში, ძალაში შევიდა 1970 წელს. ისმო არის გაეროს სისტემაში შემავალი სპეციალიზებული სამთავრობათშორისო ორგანიზაცია. მას 1970 წლამდე ეწოდებოდა "ისდგსბ" ისდგსბ” – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაერთიანებული საერთაშორისო ბიურო. ისმოს შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. ჟენევაში.
1974 წლის 17 დეკემბერს გაეროსა და ისმოს შორის დადებული შეთანხმების შემდეგ მას მიენიჭა გაეროს საერთაშორისო სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი. ისმოს წესდებას წარმოადგენს კონვენცია. ისმოს საერთო მიზანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ამაღლება მთელს მსოფლიოში.
ამ ორგანიზაციის საქმიანობა სამი მიმართულებით ვითარდება: სარეგისტრაციო საქმიანობა, ინტელექტუალური საკუთრების მართვის საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა და მატერიალური ანუ პროგრამული საქმიანობა. ისმოს საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარებას – “თანამშრომლობა განვითარების მიზნით”.
ისმოს დამფუძნებელი კონვენცია ითვალისწინებს ოთხ სხვადასხვა ორგანოს არსებობას: გენერალურ ასამბლეას, კონფერენციას, საკოორდინაციო კომიტეტს და ისმოს საერთაშორისო ბიუროს (სამდივნოს).