სასაქონლო ნიშნის ერთ-ერთი სახე, რომელიც ჩვეულებრივად ეკუთვნის მეწარმე პირთა ჯგუფს ან ასოციაციას და ამ ნიშნით სარგებლობის უფლება გააჩნიათ მხოლოდ მოცემული ჯგუფის და ასოციაციის წევრებს. ამასთან, საწარმო უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი სასაქონლო ნიშანიც.
კოლექტიური ნიშნის დანიშნულებაა მიანიშნოს მოცემულ საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის დამახასიათებელ თვისებებზე. კოლექტიური ნიშნის დაცვის ძირითადი დებულებები ასახულია პარიზის კონვენციის 7 bis მუხლში.
რეგისტრაცია კოლექტიურ ნიშანზე შეიძლება როგორც საწარმოთა ჯგუფის, ისე ამ ჯგუფის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ცალკეულ საწარმოს სახელზე. კოლექტიური ნიშნის წესდებაში მითითებული უნდა იქნეს გაერთიანების, საწარმოთა ჯგუფის ან მათი უფლებამოსილი წევრის სახელწოდება, მიზნები და ადგილმდებარეობა;
იმ პირთა წრე, რომელთაც გააჩნიათ აღნიშნული კოლექტიური ნიშნით სარგებლობის უფლებამოსილება, მათი სამართლებრივი სტატუსის მითითებით;
კოლექტიური ნიშნით აღსანიშნავი საქონლის ნუსხა და ერთიანი ხარისხობრივი მახასიათებლები, კოლექტიური ნიშნის გამოყენების, მის გამოყენებაზე კონტროლის პირობები, სანქციები კოლექტიური ნიშნის წესდების დარღვევისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ კოლექტიური ნიშანი გამოიყენება მისი წესდების დარღვევით, ნებისმიერ პირს უფლება აქვს შეიტანოს განცხადება კოლექტიური ნიშნის გაუქმების შესახებ.
კოლექტიური ნიშნის და ამ ნიშანზე ლიცენზიის გადაცემა გარეშე პირზე დაუშვებელია.