ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობის მიზნით კვლავწარმოებისას, აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე დაფიქსირებული ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელს გამონაკლისის სახით, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ჰონორარი.
ჰონორარის გადახდა ხდება პირადი სარგებლობის მიზნით კვლავწარმოებისათვის გამოსაყენებელ მოწყობილობათა (აუდიო და ვიდეომაგნიტოფონებისა და სხვა მოწყობილობების) და მატერიალურ მატარებელთა (ფონო- ან/და ვიდეოფირების, კასეტების ლაზერული ფირფიტების, კომპაქტფირფიტებისა და სხვა მატერიალურ მატარებელთა) დამამზადებლებისა და იმპორტიორების მიერ. ამ ჰონორართა შეგროვება და განაწილება ხორციელდება ერთ-ერთი იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც მართავს ავტორთა, შემსრულებელთა, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე, მათ შორის შეთანხმების შესაბამისად.
ჰონორარის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება, ერთი მხრივ, აღნიშნულ დამამზადებლებსა და იმპორტიორებს და მეორე მხრივ, იმ ორგანიზაციათა შორის შეთანხმებით, რომლებიც მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა, ფონოგრამებისა და ვიდეოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე.