ხელშეკრულების ნაირსახეობა, რომლითაც მარწმუნებელი თავისი სახელითა და ხარჯზე ავალდებულებს რწმუნებულს შეასრულოს გარკვეული დავალება. უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. სამრეწველო საკუთრების ამა თუ იმ ობიექტზე გაცემული რწმუნება განმცხადებლის (მარწმუნებლის) მიერ, წარმომადგენლის ან პატენტრწმუნებულის სახელზე, რათა აწარმოოს განცხადებულ ობიექტზე საქმიანობა. მინდობილობაში დეტალურად და მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული წარმომადგენლის ან პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებათა ფარგალი. მინდობილობა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, დადგენილი ფორმის ბლანკზე.
მასში აღნიშნული უნდა იყოს მარწმუნებლის სახელი, მისამართი, მინდობილობის გაცემის თარიღი, ადგილი (ქვეყნის ჩათვლით) და მოქმედების ვადა.
იგი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს მარწმუნებლის მიერ. ორენოვანი მინდობილობის ტექსტი უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური.
უცხო ენაზე წარდგენილი მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც იგი გაიცა. მას თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.