დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გამოგონების დაცვას. გამოგონებაზე საავტორო მოწმობის გაცემისათვის საჭირო მოთხოვნები თითქმის იგივეა, რაც გამოგონებაზე პატენტის გაცემის დროს.
განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ პატენტით დაცული გამოგონების გამოყენების უფლება მხოლოდ პატენტმფლობელს გააჩნია, მაშინ როცა საავტორო მოწმობით დაცული გამოგონებით სარგებლობის განსაკუთრებული უფლება აქვს იმ სახელმწიფოს, სადაც გაიცა მოწმობა, ხოლო გამომგონებელს რჩება უფლება გარკვეული ანაზღაურების მიღებაზე.
ს. მ-ის გაცემა გათვალისწინებული იყო ალჟირის, მექსიკის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, კუბის, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, მონღოლეთის, ვიეტნამის, სსრკ, გდრ და სხვა სახელმწიფოთა საპატენტო კანონმდებლობებით. ამ ქვეყნების უმრავლესობა უკვე აღარ არსებობენ წინანდელი სახით.
სსრკ-ს და ე. წ.“სოციალისტური ბანაკის” დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოები იყენებენ ახალ, თანამედროვე კანონმდებლობას, სადაც გამოგონებათა დაცვა ხდება მხოლოდ პატენტის საფუძველზე. ყოფილ სსრკ-ს მიერ გაცემულ საავტორო მოწმობაზე გაიცემა პატენტი, საავტორო მოწმობით მინიჭებული პრიორიტეტის შენარჩუნებით. მექსიკაში ამჟამადაც გაიცემა, როგორც პატენტი ასევე საავტორო მოწმობა. ეს უკანასკნელი გაიცემა კანონით დადგენილ კონკრეტულ სფეროში (ქვეყნის უსაფრთხოება, ბირთვული ენერგია და ა. შ.).