სამრეწველო ნიმუშად მიიჩნევა ნაკეთობის ახალი მხატვრულ-კონსტრუქციული გარეგანი სახე. ნაკეთობა დამზადებული უნდა იყოს სამრეწველო წესით. სწორედ ამის გამო იწოდება იგი სამრეწველო ნიმუშად. თუ ნიმუშს ეს უკანასკნელი ელემენტი არ ახლავს, მაშინ ნაკეთობა შეიძლება მიეკუთვნოს ხელოვნების ქმნილებათა კატეგორიას, რომლის დაცვა ხორციელდება არა სამრეწველო საკუთრების, არამედ საავტორო სამართლის საშუალებით სამრეწველო ნიმუში განეკუთვნება დიზაინის სფეროს, ამასთან სამრეწველო თუ კუსტარულ წარმოებაში მოდელის ფუნქციასაც ასრულებს.
საქართველო იცავს უფლებებს სამრეწველო ნიმუშზე და ადასტურებს მას პატენტით.
სამრეწველო ნიმუში უნდა ხასიათდებოდეს მხატვრული ღირსებით, რომელიც მიიღწევა სხვადასხვა კაზმულობით, ფორმების ორიგინალობით, წირების შეხამებით, ფერებში გადაწყვეტის თავისებურებებით. ყოველივე ეს არსებითად უნდა განასხვავებდეს სამრეწველო ნიმუშს უკვე ცნობილი ნიმუშისაგან და მისი მხატვრული ღირსებები არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოებები.