სამრეწველო ნიმუშის დაცვა ხორციელდება სპეციალური კანონით სამრეწველო ნიმუშის შესახებ და დასტურდება პატენტის გაცემით.
პატენტზე უფლება ეკუთვნის სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. თუ რამდენიმე პირმა შეიტანა განაცხადი იდენტურ სამრეწველო ნიმუშის რეგისტრაციაზე, მაშინ ავტორად ჩაითვლება ის, ვინც პირველმა შეიტანა სარეგისტრაციო განაცხადი.
საკუთრების უფლება სამრეწველო ნიმუშზე, რომელიც შექმნილია სამსახურებრივი დავალების ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიეკუთვნება იმ პირს, რომელმაც გასცა დავალება ან მისცა სამუშაო; თუ გამოყენებული სამრეწველო ნიმუში ასლია მესამე მხარის მიერ შექმნილი ნიმუშის, კერძოდ, თუ მისი არსებითი ელემენტები გადმოღებულია რომელიმე სხვა ნიმუშიდან, ამ უკანასკნელის ავტორის ნებართვის გარეშე, მაშინ კანონიერ მფლობელს უფლება აქვს, რომ განაცხადი ან რეგისტრაცია გადაფორმებული იქნეს მის სახელზე; კანონიერ მფლობელს უფლება აქვს, სამრეწველო ნიმუშის განაცხადზე უფლება დაუთმოს მესამე პირს განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ; მას აგრეთვე უფლება აქვს მოხსენიებული იყოს საგანაცხადო დოკუმენტებში. მესამე პირის მიერ სამრეწველო ნიმუშის გამოყენება მასზე პატენტმფლობელის ან განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელის ნებართვის გარეშე ითვლება სამრეწველო ნიმუშზე უფლების დარღვევად.
თუ სამრეწველო ნაკეთობის გარეგანი სახე ნაკარნახებია ობიექტის ფუნქციური აუცილებლობით და იგი უზრუნველყოფს სპეციალურ ეფექტიანობას, გამოყენებაში მოხერხებულობას ან სხვა რაიმე სარგებლიანობას, მაშინ ის შეიძლება დაცულ იქნეს “გამოგონების შესახებ” კანონის მიხედვით. საქართველოში სამრეწველო ნიმუში დაცულია პატენტით 10 წლის განმავლობაში დღიდან განაცხადის შეტანისა. დასაშვებია პატენტის მოქმედების ვადის გაგრძელება 5 წლით. იხ. პატენტი სამრეწველო ნიმუშზე.