ქარსების ჯგუფის მინერალი. ქიმიური შედგენილობა K (Mg, Fe)₃ [Si₃ AlO₁₀] [OH, F]₂. სტრუქტურის მიხედვით მიეკუთვნება შრეებრივ ალუმოსილიკატებს. თხელ ფირფიტებს აქვს მურა მოშავოდან მურა მომწვანომდე ფერი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 2-3, სიმკვრივე 2800-3400 კგ/მ³. ბიოტიტი მაგმური და მეტამორფული ქანების ფართოდ გავრცელებული ქანმაშენი მინერალია. ბიოტიტის დიდი (1-1,5 მ) ზომის კრისტალები ზოგჯერ გვხვდება პეგმატიტურ ძარღვებში. ბიოტიტი შეადგენს დედამიწის ქერქის 2,5-3%. ბიოტიტთან საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული: კვარცი, მინდვრის შპატი, მუსკოვიტი, რქატყუარა და სხვა მინერალები. იგი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პეგმატიტებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.