L. (Verticillium albo-atrum R. Et. B.) საქართველოს სუბტროპიკული ზონაში ვენტიცილოზური ჭკნობა დაფნის ერთ-ერთი სერიოზული დაავადება. სიმპტომები ვლინდება დაფნის წვეროს ფოთლების ტურგორის დაკარგვით, რომელიც ზაფხულის ცხელ პერიოდში ძალზე სწრაფად მიმდინარეობს და მცენარეც სწრაფად ხმება, ფოთლის მწვანე ფერის შეუცვლელად, მერქანში შეიმჩნევა გამტარი ჭურჭლების გამუქება. ავადმყოფობის მიერ გამოწვეული ზიანი საგრძნობია, იგი დაფნის პლანტაციებში მცენარეების 10 – 15% ახმობს. ავადმყოფობა დიდ ზარალს იწვევს ხშირ ნარგავებში, ადვილად გადადის რა დაავადებული მცენარეებიდან საღზე. ავადმყოფობის ძლიერი გავრცელება აღნიშნულია დაფნის ისეთ ნარგაობაში, სადაც აღნიშნული დაავადებებისადმი მიმღებიანი ერთწლოვანი მცენარეების (კარტოფილი, პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა) კულტივირება ხდება. ავადმყოფობის ფართო გავრცელება განპირობებულია აგრეთვე იმითაც, რომ მისი გამომწვევი ნიადაგში რამდენიმე წლის განმავლობაში არ კარგავს ცხოველმყოფელობას. დადგენილია, რომ ვერტიცილიოზური ჭკნობის ინფექცია უმეტეს შემთხვევაში ნიადაგიდან ხდება. სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერება ვრცელდება ქვემოდან ზევით მთელ მცენარეში და იწვევს ქსოვილების მოწამვლას, რომლის დროს ირღვევა მისი ნორმალური ფუნქციები და ნივთიერებათა ცვლის პროცესები, რის შედეგადაც მცენარე ხმება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.