დედამიწის ცენტრში მყარი ბირთვია, რომელიც რკინისა და ნიკელის მცირე რაოდენობას შეიცავს. მისი ტემპერატურა 4500°C - ს აღწევს. ამ ბირთვის გარშემო თხევადი რკინისა და ნაკელის გარე ბირთვია, რომლის ტემპერატურა დაახლოებით 3300°C - ია. ბირთვის გარშემო მანტია - 2900 კმ სისქის შრე, რომელიც ქანებისაგან შედგება. მისი ტემპერატურა დაახლოებით 3700°C - ია, თუმცაღა, მაღალი წნევის გამო, ქანები მყარია. მანტიის ზედა ნაწილში წნევა უფრო დაბალი და ამიტომ შედარებით რბილია და მოძრაობა შეუძლია. ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწის გარე შრეზე, რომელიც ქანებისაგან შედგება. მას დედამიწის ქერქს უწოდებენ. დედამიწის ქერქი, რომელიც პლანეტის ზედაპირს ფარავს, რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. მათ უწოდებენ ტექტონიკურ ფილაქნებს, რომლებიც ერთმანეთთან უზარმაზარი ასაწყობი მოზაიკის ნაწილების მსგავსადაა დაკავშირებული. ისინი არაა ერთ მდგომარეობაში და ნელა მოძრაობენ, ამის შედეგად, მილიონობით წლის განმავლობაში, დედამიწაზე კონტინენტები გადაადგილდა. 200 მილიონი წელზე მეტი ხნის წინ კონტინენტი ერთ მთლიან ხმელეთს შეადგენდა, რომელიც თანდათანობით დაიხლიჩა, ერთმანეთს დაშორდა და ბოლოს ამჟამად არსებული სახით ჩამოყალიბდა. ფილაქნების საზღვრებზე უზარმაზარი დაძაბულობა აღინიშნება. ზოგჯერ, როდესაც ფილები ერთმანეთს სცილდება და ახალი ნაპრალი ჩნდება, მას მანტიის თხევადი ქანები ავსებს და ქერქის ახალ ნაწილს ქმნის. თუ ფილაქნები ერთმანეთს შეეჯახება, ერთ-ერთ მხარეს მიწა შეიძლება მაღლა ამოიწიოს და მთაგრეხილები წარმოიქმნას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.