ცოცხალი ორგანიზმებითა და მათი საბინადრო გარემოთი წარმოქმნილი ბუნებრივი კომპლექსი. ეკოსისტემაში შემავალ ცოცხალ ორგანიზმებსა და იმ გარემო პირობებს შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, განუწყვეტელი ურთიერთკავშირია – მუდმივად ხდება ნივთიერებათა ცვლა. ეკოსისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუნებრივად ან ადამიანის ზემოქმედებით. ბუნებრივი ეკოსისტემებია: ტბა, ტყე, ველი, ჭაობი და სხვ. ხელოვნური ეკოსისტემაა მაგალითად ქალაქი, სოფელი და ა. შ. ზოგიერთი ეკოსისტემის არსებობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს, ზოგი ეკოსისტემა კი მაგალითად, — ტყე რამდენიმე ასეული წელი შეიძლება არსებობდეს. ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმების არსებობა, რადგან თითოეული მათგანი მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.