L. (Gloesporum amplophagum) ეს დაავადება მევენახეობის თითქმის ყველა რაიონებში გვხვდება, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში (ზღვის სანაპირო ზოლში), აღმოსავლეთ საქართველოში კი - ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის და სიღნაღის ვენახებში. ანთრაქნოზით ავადდება ვაზის ფოთლები, ყლორტები, თანაყვავილედები და მარცვლები. ის ფოთლის წვრილ, მოწითალო არშიებით შემოვლებულ ყავისფერ ლაქებს ქმნის. ძლიერ დაზიანების დროს ლაქები ხმება, ფოთოლი იცხრილება. ყლორტებზე ეს ავადმყოფობა ჩაღრმავებული მუქი ლაქების სახით წარმოიქმნება. ლაქები დიდდება და ელიფსისებურ ან ოდნავ კუთხისებურ ფორმას იღებს. თუ ანთრაქნოზი ყვავილობის პერიოდში განვითარდა. თანაყვავილედზე მოწითალო ლაქები ჩნდება გარშემო შავი არშიებით. დაავადებული ყვავილები მასობრივად იწყებს ცვენას. მარცვალზე ანთრაქნოზი აჩენს მრგვალ ყავისფერ ან შავ ჩაზნექილ ლაქებს, წითელ არშიით. ლაქები ერთდება, დიდდება. როცა ანთრაქნოზი მარცვალს ორივე მხარეს უჩნდება, მარცვალი ხმება, ჭკნება და ცვივა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.