პეპელას წინა ფრთები მუქი-ნაცრისფრია, გარდიგარდმო ტალღისებრი, შავი და თეთრი მრავალრიცხოვანი ხაზები გასდევს ფრთის წვერო მოყავისფროა, მუქი-მურა თვალის ფორმის ლაქები და სამი ბრინჯაოსფერი ბრჭყვიალა ზოლი გააჩნია. უკანა ფრთები მურა - ნაცრისფერია. მამალს წინა ფრთების ქვედა ზედაპირზე გრძივი მოშავო შტრიხები აქვს. პეპელა გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 18 მმ-მდეა. მატლი ზურგის მხრიდან ვარდისფერია, ქვემოდან უფრო ღიაა. მკერდის ფარი მოყვითალოა, ხოლო სხეული წვრილი ნაცრისფერი ლაქებითაა დაფარული. ვაშლის ნაყოფჭამიაფართოდააგავრცელებული თესლოვან ხეხილზე. ნაყოფჭამია მცენარეს უფრო მეტად ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლემდე აზიანებს, უფრო ზევით კი მისი აქტივობა უმნიშვნელოა. ვაშლის ნაყოფჭამია ძირითადად უფროსი ხნოვანების მატლის ფაზაში, გამხმარი ქერქის ქვეშ, შტამბისა და ტოტების ნაპრალებში, ნაყოფებში, ხეხილის საწყობებში, ნიადაგში და სხვა თავშესაფარში იზამთრებს. გაზაფხულზე მატლები იჭუპრებენ იქ, სადაც გამოიზამთრეს. პეპლების ძირითადი მასის გამოფრენა ვაშლის ადრეული ჯიშების ჭარბი ნასკვების ჩამოცვენას ემთხვევა. პეპლები მხოლოდ საღამოობით დაფრინავენ, გამოფრენიდან 2-3 საათის შემდეგ კვერცხის დებას ფოთლებზე, ნაყოფზე და ნაყოფის ყუნწზე იწყებენ. პირველი თაობის პეპლები კვერცხებს უმთავრესად ფოთლებზე დებენ, ხოლო მეორე თაობისა-ნაყოფზეც. მატლების განვითარებისათვის ზაფხულში 2-3 კვირაა საჭირო.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.