ველის ჭრიჭინას ძირითადი კერები ლოკალიზებულია აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ ადგილებში, სარწყავი სისტემისა და გრუნტის წყლებთან ახლოს. მავნებელს მნიშვნელოვანი ზიანი მოაქვს მაშინ, როდესაც ნაკვეთი ჭარბად ირწყვება. ველის ჭრიჭინას წელიწადში ერთი გენერაცია აქვს. ზამთრობს მე–2–5 ხნოვანების მატლის სახით, ნიადაგში 15–20 სმ სიღრმეზე. გამოზამთრება იწყება მარტი–აპრილის თვეში. ზრდასრული ფაზა (ფრთიანი ფორმა) მიიღება მაის–ივნისში. განა ყოფიერებული მდედრი კვერცხებს დებს ივნისის მეორე ნახევრიდან, ბელტების ქვეშ, 20–30 სმ სიღრმეზე. საშუალოდ იდება 100–მდე კვერცხი. 13–14 დღის შემდეგ იჩეკებიან მატლები, რომლებიც იკვებებიან და სექტემბერ-ოქტომბერში დასაზამთრებლად გადადიან. ზაფხულში დაბალი ტენისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში, ნიადაგის ზედაპირზე ამოდიან, იწყებენ კვებას საღამოსა და ღამის საათებში, დილით კი ისევ ბრუნდებიან ნიადაგში. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი პირიქით, დღისით ამოდიან ნიადაგიდან და იკვებებიან, ხოლო ღამით ჩადიან ნიადაგში. ბრძოლის ღონისძიებები: ნიადაგის ნორმალური რწყვა და ხშირი დამუშავება, განსაკუთრებით კვერცხის დების პერიოდში. მზის სხივები კვერცხებზე უარყოფითად მოქმედებს. კარგია ნიადაგში გრანულირებული ინსექტიციდების.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.