ვირუსები აღმოჩენილი იქნა 1892 წელს დ. ივანოვსკის მიერ. ისინი ობლიგატური პარაზიტები არიან. ტერმინი Virus შხამს ნიშნევს. ვირუსები მცენარის მრავალ დაავადებას იწვევენ და საკმაოდ საშიში არიან, რადგან თავდაპირველად ხშირ შემთხვევაში დაავადება შენიღბულ ხასიათს ატარებს. ვირუსის სხეულს წარმოადგენს ვირიონი, რომელიც ცილოვანი გარსის ანუ ნუკლეოკაფსიდისაგან შედგება და შიგ სპირალურად დახვეულია დნმ ან რნმ. ფიტოპათოგენურ ვირუსებს აქვთ უმეტესად ჩხირის, ზოგჯერ ძაფის, სფერული ან ბაცილის მსგავსი ფორმა და მათ შემადგენლობაში შედის რნმ, ზომით 17-დან 75 ნმ-მდე. მრავლდებიან მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში. ვირუსები ხშირად განიცდიან ცვალებადობას და წარმოქმნიან ახალ-ახალ შტამებს. მცენარეში იჭრებიან მხოლოდ დაზიანებული ადგილებიდან. ვირუსები გადააქვთ მწერებს, ტკიპებს, ნემატოდებს, სოკოებს, ზოგი გადადის სათესლე და სარგავი მასალით, ზოგი კი ყვავილოვანი პარაზიტ კელაპტარათი. ვირუსების გადატანა ერთი მცენარედან მეორეზე შეიძლება იყოს კონტაქტურ- მექანიკური, ვექტორული (გადამტან მწერებს ვიროფორული ეწოდებათ), თესლისა და სარგავი მასალის გზით გადაცემა და სხვ. ინფექციის პირველად წყაროს წარმოადგენენ: მცენარეული ნარჩენები, სათესლე და სარგავი მასალა, ნიადაგი, სარეველები და სხვ. მცენარეთა ვირუსულ დაავადებებს მცენარეთა ვიროზები ეწოდებათ. ვირუსები კონცენტრირდებიან ფლოემაში, ცვლიან მცენარის უჯრედების ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებს, ნელდება ფოტოსინთეზი, სუნთქვა უძლურდება, მცენარეთა ზრდა ფერხდება. მცენარეულ უჯრედებში ისინი გამოყოფენ 2 ტიპის ჩანართებს: X - სხეულაკებს და ივანოვსკის კრისტალებს. ვირუსულ დაავადებებს ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: მცენარის ზრდაში ჩამორჩენა, ორგანოების ფერის შეცვლა, დეფორმაცია, ნეკროზები, მოზაიკა, რეპროდუქციული ფუნქციების დარღვევა და სხვ. ხშირად, პირველ ეტაპზე დაავადება შენიღბულია, ლატენტურია და მოგვიანებით იჩენს თავს. ვიროზების დიაგნოსტიკის მეთოდებია: ვიზუალური მეთოდი, ინფექციურობის დადგენა (მცენარის წვენით), სეროლოგიური მეთოდი, მცენარე ინდიკატორების მეთოდი, ჩანართების მეთოდი, ელექტრონული მიკროსკოპია, აგრეთვე მოლეკულური ბიოლოგიის ELISA და PCR-მეთოდები. ფიტოპათოგენურ ვირუსებთან ბრძოლა მიმდინარეობს შემდეგი გზებით: პროფილაქტიკური ღონისძიებები - საღი სათესლე და სარგავი მასალის აღება, გამძლე ჯიშების გამოყვანა, ბრძოლა გადამტანებთან, ვაქცინაცია, აგროტექნიკური ღონისძიებები და სხვ. თერაპიული ღონისძიებები - თერმული დამუშავება, ინჰიბიტორების გამოყენება (ანტიბიოტიკები) და პესტიციდები (ვირიციდები). თუმცა დღემდე ეფექტური ვირიციდები არ არის შემუშავებული.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.