C

თა თე თი თო თუ თხ
თაბ თაგ თამ თან თაყ

თამბაქოს ფოთლების ბაქტერიული დაწვა

L. (Pseudomonas syrigae pv. Tabaci (W & F) Young et al)
ანუ სილაქავე, თამბაქოს კულტურის მთავარ ავადმყოფობად ითვლება. ის თამბაქოს მთელი ვეგეტაციის განმავლობაში აავადებს; უფრო ხშირად აღმონაცენზე გვხვდება - როგორც სათბურებში ჩითილების გამოყვანის დროს, ისე პლანტაციებზედაც. ავადმყოფობის გარეგბნული სახე მცენარის განვითარების სხვადასხვა ფაზაში და კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით ცვალებადია. ახალ აღმოცენებს პირველ ფოთლებზე, მეტადრე კიდის მხარეს, უჩნდება ჯერ მუქი მწვანე, ოდნავ განესტიანებული და გამჭვირვალე ლაქა. ასეთ ლაქას აშკარა მოყვითალო არშიაა აქვს შემოვლებული. თუ ავადმყოფობის გავრცელებას ხელსაყრელი კლიმატური პირობები დაუდგა, ლაქა სწრაფად დიდდება, ედება ფირფიტის ძარღვებსაც და შემდეგ მთავარი ძარღვით გადადის ფოთლის ყუნწზე, ბოლოს კი - ახალგახრდა ღეროზე; დაზიანებული ნაწილები ყავიფერი ხდება, ღეროც შავდება და მცენარის ზედა ნაწილი ხმება. თუ ზედა ფოთოლია დაავადებული, მაშინ მცენარის ზედა ნაწილი ხმება. და მცენარის ქვედა ნაწილი გადარჩება. ხოლო თუ ქვედა ფოთლიდან იწყება დაავადება (უმეტეს შემთხვევაში ასეა), მცენარე მთლიანად იღუპება. ავადმყოფი მცენარეებიდან თამბაქოს ბაქტერიული სილაქავე ახლო მდგომ საღ მცენარეებზე გადადის და იქმნება დაავადების კერა. თუ განვითარებისათვის ხელისშემშლელი პირობები არ დაუდგა, როგორიცაა სიმშრალე, მეტადრე სათბურებში, სრულიად მცირე ხნის განმავლობაში, შასაძლებელია მცენარეების უდიდესი ნაწილი დაიღუპოს და ნათესმა ისეთი შეხედულება მიიღოს, თითქოს ცეცხლში შეტრუსაო. შედარებით მოზრდილ მცენარეების ფოთლებზე თავიდან მკრთალი, მოყვითალო მწვანე, გამჭვირვალე ლაქა ჩნდება, რომელიც პირველ ხანებში თანდათან იზრდება და ფოთოლზე კარგი შესამჩნევი ხდება. შემდეგ კი ლაქის ცენტრი ხმება და ყავისფერს იღებს. ლაქა ხშირად ზომით 2-3 სმ-მდე აღწევს. ახალგაზრდა ფოთლებს ახალ გაჩენილ ლაქას ქლოროტული არშია კარგად ემჩნევა. როდესაც ავადმყოფობისათვის ხელისშემწყობი პირობები დგება, ლაქების რიცხვი მატულობს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ლაქებისაგან მთელი ფოთლის ფირფიტაა დაკავებული. ამ დროს ფოთოლი მთლად გამხმარია. შეიძლება გამხმარი ქსოვილი დაიშალოს და ამან ფოთლის ნაწილობრივი დაცხავება გამოიწვიოს. ლაქა მთლად შიშველია და არავითარი ფიფქი არ ემჩნევა, რითაც სოკოებისგან გამოწვეული ლაქიანობისაგან განსხვავდება. ზედაპირზე კი ამ ავადმყოფობისათვის დამახასიათებელი კონკრეტული ზონალობა ემჩნევა. გარდა ფოთლების დაავადებისა, კოლოფების და ყვავილის კოკრების დაავადებაც ხდება. უკანასკნელ შემთხვევაში წვრილი, ყავიფერი ლაქები ჩნდება. ავადმყოფობის მიერ მიყენებული ზიანი შემდეგია: სანერგეებში და ახალგაზრდა მცენარეების დაზიანების დროს მცენარეები ისპობა, ხმება, მცირდება სარგავი მასალა და თუ უკვე გადარგულია, ხელმეორედ საჭირო ხდება ამ მუშაობის ჩატარება. მოზრდილი მცენარეების ოდენობაზე და მოსავლის ხარიხზედაც მოქმედებს; კოლოფების დაზიანების შემთხვევაში სათესლე მასალის ბაქტერიებით დანაგვიანებას იწვევს და შემდეგ მისი შეწამვლა აუცილებელი ხდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9