L. (Byrsocrypta coerulescens Del Guercio.) მატლიც და ზრდასრული მწერიც წუწნით აზიანებენ ახალგაზრდა მცენარეების ფესვებს და ყელს. ასეთი მცენარე სუსტდება, ნელა იზრდება და მოსავალს მცირე რაოდენობით ან სრულიად არ იძლევა. მარცვლოვანთა ფესვის ბუგრები მიგრაციული ფორმებია. ისინი მცენარის ორ სახეობაზე ცხოვრობენ, მაგრამ ზოგჯერ ძირითადი მასპინძლის უქონლობის შემთხვევაში ისინი მთელი წლის განმავლობაში შუალედურ მასპინძელზე ვითარდებიან. ამ მავნებლის მთავარი მასპინძელი თელის სხვადასხვა სახეობაა. ამ მცენარეების ფოთლებზე ისინი გაზაფხულზე წარმოშობენ ორი ფორმის გალას – ლობიოსოდენა ტომრისებრი, მომრგვალებული და მოყვითალო ბაცი წითელი, ბეწვიანი კანით. ბუგრების გამოზამთრება თელის ტოტებზე კვერცხის ფაზაში ხდება, საიდანაც გამოჩეკილი მატლები ფოთლებზე ზემოთაღნიშნულ გალებს წარმოშობენ. იქიდან გამოსული ფრთიანი ფორმები გაზაფხულზე მიფრინავენ პურეულ მარცვლოვანთა ფესვებისაკენ და შემოდგომამდე პართენოგენეზურად მრავლდებიან; შემოდგომაზე კვლავ ფრთიან ფორმებს წარმოქმნიან, რომლებიც თელისაკენ მიფრინავენ და იქ ცოცხლად შობენ გამოგენეზურ თაობას, რომელთა მდედრები მოზამთრე კვერცხებს დებენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.