სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორიგეობით თესვა მოყვანა მინდვრებად დაყოფილ მიწის ნაკვეთზე. მისთვის დამახასიათებელია ორი სახის მონაცვლეობა: დროში - წლიდან წლამდე და სივრცეში - მინდვრიდან მინდორზე. თესლბრუნვის ძირითადი ამოცანაა ნიადაგის ნაყოფიერების გადიდება, კვების ელემენტების რაციონალური გამოყენება, მოსავლის გაზრდა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, მინდვრის დასარეველიანებისა და მცენარეების მავნებლებით და დაავადებებით დაზიანების შემცირება, ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის უარყოფითი გავლენის თავიდან აცილება. გამოყოფილია თესლბრუნვის სამი ტიპი: მინდვრის, საკვები და სპეციალური. დაყოფას საფუძვლად უდევს თესლბრუნვაში წარმოებული პროდუქციის სახე. მინდვრის თესლბრუნვას მიეკუთვნება ისეთი თესლბრუნვები, რომლებიც გათვალისწინებულია მარცვლისა და ტექნიკური კულტურების საწარმოებლად. თესლბრუნვის მცირე ნაწილი შეიძლება დაკავებული იყოს აგრეთვე საკვები კულტურებით. იმის მიხედვით, თუ რომელ კულტურას უჭირავს წამყვანი ადგილი, შეიძლება იყოს მარცვლეულის, ჭარხლის მზესუმზირის და სხვა ტიპის თესლბრუნვები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.