აბრეშუმის პარკის მოსავლის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი არის თუთის აბრეშუმხვევიას პარაზიტული და ინფექციური დაავადებები. პარაზიტულ დაავადებათაგან მეაბრეშუმეობას ყველაზე დიდ ზიანს აყენებს პებრინი (ნოზემატოზი), რომელსაც იწვევს პარაზიტი - ნოზემა (Nosema bombycis), სპოროვნების კლასის წარმომადგენელი. პებრინი გადამდები და მემკვიდრეობითი დაავადებაა. ამიტომ იგი შეიძლება გაჩნდეს ზოგჯერ ჭიის გამოკვების რომელიმე ფაზაში, სხვა შემთხვევაში კი გავრცელდეს დაავადებული პეპლის კვერცხიდამ გამოჩეკილი დასენიანებული ჭიებით. დაავადების ნიშნებია: გრენიდან მურის გამოსვლის გახანგრძლივება, ჭიების დაღუპვა პირველსავე ასაკში, ჭიების მურა შეფერილობა, ცუდად ჭამა, ზრდაში ჩამორჩენა, სხეულზე მოყავისფრო-მოშავო ლაქები და სხვა. აბრეშუმხვევიას ინფექციური დაავადებებიდან უფრო გავრცელებულია მუსკარდინი, ფლაშერი, სიყვითლე და სხვა. მუსკარდინს იწვევს სხვადასხვა სახეობის პარაზიტული სოკო. დაავადებულ ჭიებს სხეულზე უჩნდებატ მოშავო-მოყავისფრო ლაქები, კანის ცვლა ძნელდება, მკვდარი ჭია ხმება, იფარება თეთრად სოკოს სპორებით, პარკი შერხევისას თავისებურ მკვეთრ ხმას გამოსცემს, ნორმალურზე 2-2,5-ჯერ მსუბუქია. ფლაშერი ანუ სიდამპლე ბაქტერიული დაავადებაა. ჭიები ავადდებიან მე-4 - მე-5 ასაკში, ცახებზე ასვლისას და ხშირად 2-3 დღეში იღუპებიან. დაავადების სიმპტომებია კუჭის აშლილობა, ჭამის შეწყვეტა, მოუსვენარი მოძრაობა, გაშვება, პირიდან მურა ფერის სითხის წვეთა და სხვა. სიყვითლე ვირუსული დაავადებაა, რომელიც უმთავრესად ჭიასა და ჭუპრს აზიანებს. დაავადებული ჭია ჭამას წყვეტს, მოუსვენრად მოძრაობს, შესივებულია, კანი დაჭიმულია, ბრწყინავს, სუსტდება და ადვილად სკდება. გამოყოფილი მღვრიე სქელი სითხე ინფექციურია - დიდი რაოდენობით შეიცავს 3-5 მკმ ზომის ექვსწახნაგოვან პოლიედრებს. სხეული სწრაფად იხრწნება, შავდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.