თხილის ცხვირგრძელა - მნიშვნელოვანი მავნებელია, განსაკუთრებით დიდია მისი მავნებლობა დასავლეთ საქართველოში, სადაც მისი განვითარება-გამრავლებისათვის საკმაოდ ხელსაყრელი კლიმატური პირობებია. ცხვირგრძელა თხილის ყველა ჯიშს თანაბარი სიძლიერით არ აზიანებს. ძლიერ ზიანდება ჯიშები: ბერძნულა, ჩხიკვისთვალა, გულშიშველა და ცხენის ძუძუ, რომლებსაც თხელი ნაჭუჭიაქვთ. თხილის ჯიშების დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ნაჭუჭის სიმაგრეზე, ნასკვის გამოჩენის ვადებსა და სხვა. თხილის ვხვირგრძელა საგვიანო ჯიშებს ნაკლებად ეტანება ამიტომ ისინი მეტ-ნაკლებად დაზღვეულია დაზიანებისაგან. გაზაფხულზე, როდესაც საშუალო დრეღამური ტემპერატურა 15-16⁰C -ს აღწევს, ხოჭოები მეზამთრეობიდან გამოდიან და დამატებითი კვებისათვის თხილის ბუჩქის ვარჯში სახლდებიან. დასაწყისში ხოჭოები დაბერილი კვირტებით იკვებებიან, შემდეგ - ფოთლებით და ნაყოფებით. მაისის შუა რივხვებში საშუალო დღეღამურიტემპერატურის 18⁰C - მდე გაზრდისას იწყება მასობრივი კოპულაცია, 6 – 7 დღის შემდეგ კი - კვერცხის დება. კვერცხის დასადებად მდედრი ნაყოფის პოლუსში ან ცენტრალურ ნაწილში, წსოვილში ხორთუმით ამოღრღნის პატარა საკვერცხე კამერას. ხვრელებს ხურავს ნაღრღნით. როგორც წესი, მდედრი თითო ნაყოფში თითო კვერცხს დებს, ზოგჯერ - ორს. ორივე მატლი ნაყოფში ნორმალურად ვითარდება. მდედრი ხოჭო საშუალიდ 45, მაქსიმუმ კი 62 კვერცხს დებს. კვერცხის დება ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ პერიოდისათვის ნაყოფის ნაჭუჭი იმდენად მაგრდება, რომ დადებული კვერცხებიდან გამოჩეკილ მატლებს ნაყოფში შეჭრა უჭირთ, რის გამოც მათი ნაწილი იღუპება. ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ხოჭოებს თითქმის სრულიად ვეღარ ვხედავთ. განვითარების დამთავრებისთანავე, მატლები ტოვებენ თხილს, ცვივიან დაბლა და მიწის ნაწილაკებისაგან აკეთებენ აკვანს, რომელშიც დასაზამთერებლად რჩებიან და მომავალი წლის აპრილის მეორე ნახევარში მასშივე ჭუპრდებიან. თხილის ცხვირგრძელას რიცხოვნობას მატლისა და ჭუპრის ფაზაში, პათოგენური სოკოებისა და ბაქტიერების გარდა, არეგულირებენ ჭიანჭვალები, რომლებიც ნიადაგში იკვებებიან მატლებით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.