C

თა თე თი თო თუ თხ
თხი

თხილის ტკიპა

L. (Tetranycopsis hostiles Reck)
თხილის ტკიპა ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. ის შედის მურა ტკიპების (Bryobidae) ოჯახში. ამ გვარიდან მხოლოდ ხუთი სახეობაა ცნობილი და არცერთ მათგანში არ არის მამრი ფორმა შემჩნეული. ამიტომ მისი აღწერა დედლის მიხედვითაა წარმოდგენილი. ზრდასრული მდედრის სხეული განიერ-ოვალურია ან კვერცხისებრი, ოდნავ მოხრილი ზურგით. ცოცხალი ტკიპას სხეული მუქი-ყავისფერია. პროპოდოსომა წინაა გამოწეული და თითქოს გნათოსომაზეა ჩამოკიდებული. დორსალურ მხარეზე კანი უხეში ნაოჭებითაა დაფარული. ზურგზე 16 წყვილი ჯაგარია, რომლებიც მოთავსებულია შესამჩნევად გამოხატულ წაგრძელებულ ბურცობებზე. პროპოდოსომაზე 4 წყვილი ზურგის ჯაგარია, აქედან 2 წყვილი თხემის ჯაგარი სხეულის წინა მხარის ჯაგართანაა შეერთებული. თხემის შიგნითა ჯაგარი რამდენადმე მოკლეა გარეგანზე. ჰისტეროსომაზე დორსალურად შუალედ მდგომარეობას იკავებს მხოლოდ სამი წყვილი ჯაგარი. ამბულაკარი და ემპოდია ყველა ფეხზე სოლისებრია. ქეტოფორზე 31 წყვილ-წყვილადაა მოთავსებული ჯირკვლოვანი ბეწვები, ზურგის ჯაგრები ჰისტეროსომაზე ოდნავ გრძელია, მცირედ გამსხვილებული წვეროზე. ტკიპა, როგორც ველური, ისე კულტურული თხილის სახეობებს აზიანებს. უფრო ინტენსიურად აზიანებს კულტურული თხილის სახეობებს და შემდეგ ჯიშებს: ხაჭაპურას, ანაკლიის თხილს, ხოჯა თხილს და შველის ყურას. შედარებით ნაკლებად სახლდება ჩხიკვისთავასა და ცხენისძუაზე. ტკიპა სახლდება უმთავრესად ფოთლის ზედა მხარეს, ნაწილობრივ ქვედა მხარეზეც და წუწნის უჯრედის პლაზმის წვენს. დაზიანებულ ადგილებში წარმოიქმნება უქლოროფილო წერტილოვანი ლაქები, განსაკუთრებით ფოთლის მთავარი ძარღვის გასწვრივ. ტკიპებით ინტენსიურად დასახლებული (200 და მეტი ტკიპა) ფოთლები უფერულდება, ხმება და ცვივა, ასეთ დაზიანებულ თხილის ბუჩქზე საგრძნობლად მცირდება საყვავილე კვირტები, რაც გავლენას ახდენს მოსავლის რაოდენობაზე. თხილის ტკიპა ზამთრობს კვერცხის ფაზაში თხილის ტოტებზე მუხლთან ახლოს და მათ შორისზე, ქერქის ნაპრალებში და სხვა. ხშირი ნადების დროს კვერცხები ერთიმეორესთან ახლო-ახლოა და მთლიანად ფარავენ ტოტს. გამოზამთრებული კვერცხებიდან მატლების გამოჩეკა იწყება მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში. კვერცხში ემბრიონის განვითარების დასრულების შემდეგ მისი ქორიონი სკდება და იქიდან გამოდის სამწყვილფეხიანი მატლი, რომელიც მაშინვე გადადის ფოთოლზე. ამ ტკიპას სახეობას არ ახასიათებს აბლაბუდის ქსელის გამოყოფა, მაგრამ ხშირ კოლონიებს ქმნის. ერთი მდედრის კვერცხების პროდუქცია ზაფხულში 20-42-ია. წლის განმავლობაში 4 გენერაციას იძლევა. პირველი – გაზაფხულის გენერაცია ვითარდება აპრილ-მაისში. მეორე, ივნის - ივლისში, მესამე – ივლის - აგვისტოში, ხოლო მეოთხე - სექტემბერ-ოქტომბერში. როგორც ირკვევა, თხილის ტკიპების გამრავლება საგრძნობლად იზღუდება გვალვების დროს. ამ ტკიპების მტრებიდან აღსანიშნავია მტაცებელი ბაღლინჯოები, აგრეთვე მტაცებელი ფიტოსეიდები და ჩვეულებრივი ოქროთვალა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9