C

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კად კავ კაი კაკ კალ კამ კან კაო კაპ კარ კატ

კალიები

  1. L. (Acridoidea)
    მწერების ზეოჯახი სწორფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 9 სმ აღწევს. აქვთ 2 წყვილი ფრთა ან სულ უფრთოები არიან. ზოგჯერ ფრთები განვითარებადაუმთავრებელია. უკანა ფეხებს სახტომად იყენებენ. მოკლე კვერცხსადები აქვთ. კვერცხებს დებენ გროვებად, რომლებიც ქაფისებრი სითხის გარსშია გახვეული. გაცივებისას სითხე მკვრივდება. მატლები გაზაფხულზე იჩეკებიან. კანს 4-7-ჯერ იცვლიან. ზეოჯახში 10000- მდე სახეობაა. კალიების მრავალი სახეობა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას. ზოგიერთი სახეობის კალია ზედა ფრთების გამსხვილებულ ძარღვებზე უკანა კიდურების ხახუნით გამოსცემს ჭრიჭინა ბგერებს. მუცლის პირველი სეგმენტის გვერდებზე კარგად განვითარებული სმენის ორგანოები აქვთ. საქართველოში ყველაზე მავნე სახეობებია:

    ეგვიპტური კალია (Anacridium aegypticum),

    იტალიური კალია (Caliliptamus italicus),

    მაროკოს კალია (Dociostaurus maroccanus),

    გადამფრენი ანუ აზიური კალია (Locusta migratoria).

  2. საქართველოში მეტი უარყოფითი მოქმედებით გამოირჩევიან:

    აზიური (გადამფრენი) (Locusta migratoria L.),

    მაროკოული (Dociostaurus maroccanus Thngb.),

    იტალიური (Calliptamus italicus L.),

    ეგვიპტური კალიები (Anacridium aegyptum L.). კალია ფართო პოლიფაგია და ძალიან აზიანებს მარცვლოვან, ტექნიკურ, ბოსტან-ბაღჩისა და მრავალწლოვან კულტურებს, აგრეთვე სარეველა ბალახებს. მავნებელი იკვებება მცენარის მწვანე ნაწილებით და ხშირად ახალგაზრდა ნათესებს ან ნარგავებს მთლიანად ანადგურებს. აზიურ ანუ გადამფრენ კალიას ზედა ფრთები გრძელი აქვს (33-54 მმ), მრგვალი მურა ფერის ლაქით, უკანა ფრთები გამჭვირვალეა, ოდნავ მომწვანო ელფერით, ფუძესთან ზრდასრულის საერთო შეფერვა მურა ან მწვანეა. კალია ჯოგური სახეობაა. მაროკოული კალია ქარცი-მოყვითალო ფერისაა, ზედა ფრთები გრძელია და სცილდება მუცლის ბოლოს, (18-36 მმ), უკანა ფრთები გამჭვირვალეა, თითქოს უფერო. ესეც ჯოგური სახეობაა. იტალიური კალია მურა ქარცი ფერისაა ან ნაცრისფერი. ზედა ფრთები კარგადაა განვითარებული, აქვს შავი ლაქები. უკანა ფრთები კიდეებზე უფერულია, ხოლო დანარჩენი ნაწილი ვარდისფერია. კალია ჯოგურს და არაჯოგურს შორის გარდამავალი სახეობაა. ეგვიპტური კალია რუხი შეფერილობისაა, ზედა ფრთებზე შავი წვრილი ლაქები აქვს, უკანა ფრთები უფეროა, განიერი, მურა განივი ზოლით, რომელიც არ აღწევს კიდეებს. კალია არაჯოგური სახეობაა. აზიური ანუ გადამფრენი კალია ჩვენში კასპიის ზღვის სანაპიროდან დროდადრო შემოფრინდება, მისი საბუდრები საქართველოში არაა აღნიშნული, თუმცა ერთეულების სახით აღმოსავლეთ საქართველოში მაინც გვხვდება. მაროკოული და იტალიური კალია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება, ეგვიპტური კი – დასავლეთში. კალიებს ჩვეულებრივ ერთწლიანი გენერეცია აქვთ. ისინი ძირითადად კვერცხების პარკუჭანების სახით ნიადაგში, რამდენიმე სმ-ის სიღრმეზე ზამთრობენ. ეგვიპტური კალია იმაგოს და ზრდასრული მატლის ფაზაში ზამთრობს. კვერცხებიდან კალიების გამოჩეკა აპრილში იწყება და რამდენიმე კვირას გრძელდება. მატლები კანს 4-5-ჯერ იცვლიან. ისინი ამ დროს მცენარეზე თავით ქვევით არიან დაკიდებული და სიმძიმის ძალით ძვრებიან კანიდან. მატლის განვითარება 30–50 დღე გრძელდება. ზრდასრული კალია სქესობრივად 5-10 დღის შემდეგ მწიფდება, შემდეგ იწყებს პეპლობას და ნიადაგში კვერცხის დებას. პარკუჭანაში სახეობის მიხედვით სხვადასხვა რაოდენობის კვერცხია: 50-115 (აზიური კალია) ან 30-35 (მაროკოული კალია). მდედრი ჩვეულებრივ 2-3 პარკუჭანას დებს. ბრძოლის ღონისძიებები: აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება, კალიების საბუდრების მოსპობა, ბრძოლის ღონისძიებების ჩატარება საჭიროა მატლების მასობრივი გამოჩეკისთანავე, რომელიც უნდა დამთავრდეს მატლების მესამე-მეოთხე ხნოვანების პერიოდში. პესტიციდებიდან უნდა გამოვიყენოთ კონტაქტური ფოსფორორგანული ან პირეტროიდული პრეპარატები.

    Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9