L. (Diaspidiotus perniciosus Comst.) ეს მავნებელი რომელიც საქართველოს მეხილეობის ყველა რაიონშია გავრცელებული, მრავალი სახის მცენარით იკვიბება და საშიშია თესლოვანი და კურკოვანი ხეხილისათვის. ფარიანა სახლდება ტოტებზე, ნაყოფებზე, ფოთლებზე, შტამბზე, რომლებსაც წუწნით ართმევს საკვებს. დაზიანების ადგილას ნაყოფებზე ჩნდება მოწითალო ლაქები. მავნებელი კვების დროს გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ქსოვილს შლის. დაზიანების შედეგად მცენარის წლიური ნაზარდი მცირდება, შეფოთვლა თხელდება, ქერქი სკდება, იღარება, მოსავალი მცირდება, ნაყოფები იფიტება და წიტელი ლაქებით იფარება, დაზიანებიდან 5 - 8 წლის შემდეგ მცენარე სავსებით იღუპება. ფარიანა წლის მანძილზე ორნახევარ თაობას იძლევა. ის ახალგაზრდა მატლის სახითაა ტოტებსა და შტამბზე (ქერქის ქვეშ და ნაპრალებში) ზამთრობს. გამოზამთრებული მატლები გაზაფხულზე კვერტების დაბერვისას იღვიძებენ და კვებას განაახლებენ. ერთი თვის კვების შემდეგ ზრდამთავრებული ფარიანა ფარის ქვეშ ცოცხლად შობს 100 - ზე მეტ მატლს. ფარიდან გამოსული მოხიატელე მატლები მცენარის ქსოვილში უშვებენ ხორთუმს და წვენით იკვებებიან. მიმაგრების შემდეგ, მატლი ცვილისებურ ნივთიერებასგამოყოფენ და ამით ფარს იკეთებენ. მავნებელი მთელი გაზაფხული და ზაფხული ილვებება და მრავლდება, შემოდგომაზე კი აცივებასთან ერთად კვებას წყვეტს და გამოსაზამთრებლად იწყებს მზადებას. პირველი თაობის მოხეტიალე მატლები შიდა ქართლში მასობრივად აღინიშნება ივნისში, მეორისა - აგვისტაში, ხოლო მესამისა (მცირე რაოდენობით) - ოქტომნერში. მავნებელს დიდი რაოდენობით ანადგურებს ჭიამაიები და პარაზიტი მწერები.
მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. პოლიფაგი მავნებელია, 150 - ზე მეტ მცენარეზეა რეგისტრირებული. ზამთარს ატარებს პირველი ასაკის მატლის ფაზაში, მცენარის გამერქნებული ორგანოების კანზე ან ამსკდარი ქერქის ქვეშ. გაზაფხულზე მატლები იწყებენ კვებას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.