გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში; აზიანებს ლეღვის ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფებს. ამასთან, ფოთლები ზიანდება ქვედა მხრიდან, უმთავრესად მთავარი ძარღვის გასწვრივ, ნაყოფებზე კი - ძირითადად ყუნწები. ფსილას ინტენსიური გამრავლების რაიონებში ადგილი აქვს ნაყოფების დეფორმირებას და ჩამოცვენას. ფსილა წელიწადში ერთი თაობით წარმოგვიდგება. ზამთრობს კვერცხების სახით, რომლებსაც უმთავრესად 2-3 ქლიან ტოტებზე (ნაოჭებში), კვერცხებთან ახლოს, იშვიათად შტამბზე დებს. გაზაფხულზე კვირტების დაბერვისას იჩეკება მატლები, რომლებიც პირველად თავს იყრიან კვერტების ქერცლების ქვეშ, ხოლო შემდეგ გადადიან ახალგაშლილ ფოთლებზე, სადაც სახლდებიან მთავარი ძარღვის გასწვრივ. მავნებლის ფოთლიდან ყლორტებსა და ნაყოფებზე გადასვლა შეინიშნება ზაფხულის პირველ ნახევარში. მატლები და ნიმფები თითქმის უძრავად სხედან ერთ ადგილას და მცენარიდანწუწნიან წვენს. მავნიბელი უხვად გამოყოფს თხიერ ტკბილ ექსკრემენტს, რომელიც ჭიანჭველებსა და სიშავის გამომწვევ სოკო კაპნოდიუმს იზიდავს. ლეღვის ფსილა გავრცელებულია, როგორც ტენიან, ისე მშრალ ჰავის რაიონებში, მაგრამ, როგორც ჩანს, კახეთის შედარებით მშრალი ჰავა მისი გამრავლების დეპრესიას იწვევს. დასავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის მაღალი ტენიანობაა, მავნებელი ინტენსიურად მრავლდება, ივნისის ბოლოს და ივლისის დამდეგს ფოთლებს მთლიანად ფარავს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.