ზრდასრული მწერი საკმაოდ დიდი ზომისაა და გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 40 მმ-ს აღწევს. ზრდასრული მატლის სხეულის სიგრძე 28 მმ-მდეა და ამიტომ თავთავზე საკმაოდ კარგად მოჩანს. როგორც მინდვრად, ისე ბეღელში (საწყობებში) ძირითადად ბოლო თაობის მატლები იზამთრებენ. გამოზამთრებული მატლები გვიან გაზაფხულზე იწყებენ დაჭუპრებას. ჭუპრიდან გამოსული პეპელა მაშინვე ფრენას იწყებს. გამოფრენილი პეპლები რამდენიმე დღის შემდეგ ხორბლის, ქერის, ჭვავის თავთავებზე, ღეროებზე და ფოთლის ქვედა მხარეზე კვერცხის დებას იწყებენ. გამოჩეკიდან პირველი ორი კვირა მატლი თითქმის ფარულად ბუდობს მარცვალში, სადაც მარცვლის შიგთავსს რძის სიმწიფეში ანადგურებს, რის შედეგადაც მარცვლისაგან მხოლოდ კანი რჩება. წამოზრდილი მატლები ტოვებენ მარცვალს, გამოდიან გარეთ, ფოთლის უკან ხალთაში შეიჭრებიან, ანდა თავთავებს შორის თავსდებიან, დღისით იქ იბუდებენ, შებინდებიდან კი თავთავებში გროვდებიან და მარცვლებს გარედან ღრღნიან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.