მთა-მდელოს ნიდაგებისათვის დამახასიათებელია არადიფერენცირებული პროფილი, კარგად გამოხატული ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, მცირე ან საშუალო სიმძლავრე. მთა-მდელოს ნიდაგები ხასიათდება: მჟავე ან სუსტად მჟავე რეაქვიით, მაღალი ჰუმუსიანობით და ღრმად ჰუმუსირებით, შთანთქმის დაბალი ან საშუალო ტევადობით, თიხნარი ან თიხა მექანიკური შედგენილობით, მინერალური ნაწილის გამოფიტვის სიალიტური ტიპით, თიხამინერალებში ჰიდროქარსების და ქლორიტის სიჭარბით, ჰუმუსის ფულვატური და ფულვატურ-ჰუმატური ტიპით, სიღრმეში სილიკატური რკინის მომატებული შემცველობით. მთა-მდელოს ნიდაგების ძირითადი ელემენტარული ნიდაგწარმომქმნელი პროცესებია: ჰუმუსსიალიტიზაცია, ჰუმუსწარმოქმნა, კორდიანი პროცესი და გასტრუქტურება. საქართველოში მთა-მდელოს ნიდაგები აბსოლიტურად გაბატონებული ნიადაგებია. მათი საერთო ფართობი 25,1% (1 758 200 ჰა) შეადგენს. ეს ნიადაგები ფართოდ არიან გავრცელებული კავკასიონისა და ამიერკავკასიის სამხრეთ მთიანეთის სუბალპურ და ალპურ ზონებში, ზღვის დონიდან 1800 (2000) მ - დან 3200 (3500) მ - მდე. გამოკვლევებით დადგენილია, რომ მთა-მდელოს ნიადაგებისათვის დამახასიათებელია ილუვიური პროცესების გამოხატულება, ძლიერ მჟავე რეაქცია, მაღალი ჰიდროლიზური მჟავიანობა, ფუძეებით მაძღრობის დაბალი ხარისხი, ჰუმუსის მაღალი შემცველობა, ჰუმუსის ფულვატური ან ჰუმატურ-ფულვატური ტიპი, ჰიდროქარსული მინერალური შედგენილობა. მთა-მდელოს ნიდაგებს უკავია მაღალმთიანეთის რელიეფის ძირითადი ფორმები: ძველი პენეპლენ-მოსწორებული („მოცვეთილი“) ზურგები; გლაციალური რელიეფი - ტერასული ბაქნები, კარები; ვულკანური რელიეფი-პლატო (სამხრეთ მთიანეთი) და ეროზიული ხეობები, სადაც ციცაბო ფერდობებითა და ზოგიერთ ადგილას ჭალის ფართო მონაკვეთებით. მაღალმთიანეთის გეოლოგიური შენება საკმაოდ რთულია. დასავლეთ საქართველოში ნიადაგწარმომქმნელ ქანებს წარმოადგენენ კრისტალური ფიქლები, კვარციან-ქარსიანი ფიქლები, კვარციანი დიორიტები, კირქვები, გრანიტები, გნეისები. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთის გეოლოგიური აგებულება მთავარ მონაწილეობას ღებულობენ თიხა-ფიქლები, ქვიშაქვები, კირქვები. სამხრეთ საქართველოს მთა-მდელოს ზონაში გავრცელებულია ანდეზიტები, პორფირიტები, ტრაქიტები, სიენიტები. მთა-მდელოს ნიდაგები ფორმირდება მკაცრი კლიმატის პირობებში, რომელიც ხასიათდება გაჭიმული ზამთრით (ხანგრძლივი თოვლის საფარით) და გრილი ზაფხულით. სავეგეტაციო პერიოდი შეადგენს 3-4 თვეს. იანვრის საშუალო ტემპერატურა მერეობს -12 - დან - 5,2 ⁰ C -მდე, ივლისის კი 7,3 - დან 14,4 ⁰ C - მდე. ნალექების წლიური რაოდენობა 718 მმ - დან 1503 მმ - მდეა. ნალექების მაქსიმუმი მაისში მოდის. ჰაერის საშუალო წლიური ატმოსფერული ტენიანობა მერყეობს 68 – 81% ფარგლებში, დატენიანების კოეფიციენტი 6 – 7 აღწევს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი დაბალია და მერყეობს 600 - 1500⁰ C შორის. მაღალმთიანეთის ცივი კლიმატი ხელს უწყობს ქანების ინტენსიურ ფიზიკურ გამოფიტვას და ამის შედეგად ხდება ნიადაგის ზედაპირზე დიდი რაოდენობით ქანების ნამტვრევების დაგროვება. სუბალპურ სარტყელის მცენარეულ საფარში ჭარბობს მარცვლოვანი, მარცვლოვან-ნაირბალახოვანი და ნაირბალახოვანი თანასაზოგადოებები. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია: ჭრელ შვრიელას, ტიმოთელას, ცხვრის წივანას და სხვ. პარკოსნები წარმოდგენილია მთის სამყურათი და კავკასიონის იონჯით. ალპურ სარტყელში დომინანტობენ: 1) ალპური ხალიჩები - ნაირბალახოვანი ელემენტებით, ხორბლოვანებით და ისლებით და 2) მკვრივკორდიანი მდელოები - ხორბლოვანი და ისლიანი კომპონენტებით. საკმაოდ გავრცელებულია წივიან-ისლიანი მდელოები წივანას და თივაქასრას სიჭარბით. დიდ ფართობზე გავრცელებულია ძიგვა. მშრალ პოზიციებზე ჭარბობს ქსეროფილური მცენარეულობა აბზინდას მონაწი ლეობით. მთა-მდელოს ნიდაგებს აქვს პროფილის შემდეგი შენება: A – AB – B – BC – CD. A - ყავისფერ-ყომრალი ან მუქი ყავისფერ-ყომრალი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 15-20 სმ, ზედაპირიდან სხვადასხვა ხარისხით გაკორდებული ან ტორფიან-გაკორდებული, წვრილმარცვლოვანი ან წვრილკოშტოვან-წვრილმარცვლოვანი, თიხიანი ან ნსუბუქი თიხნარი, ხშირად ხრეშის ჩანართებით, წვრილფოროვანი, დიდი რაოდენობით ფესვები, გადასვლა თანდათანობითი. AB - მუქი ყომრალი, სიმძლავრით 5-10 სმ, მარცვლოვანი ან წვრილკოშტოვანი, ძირითადში თიხნარი, ფესვები ნაკლებად. B - ყომრალ-ყავისფერი ილუვიური ჰორიზონტი სიმძლავრით 15 – 25 სმ, წვრილმარცვლოვანი ან კოშტოვან-წვრილმარცვლოვანი, ფესვები ნაკლებად, გადასვლა შესამჩნევი. BC -გარდამავალი ჰორიზონტი, რომელშიც ჭარბობს ნიადაგწარმომქმნელი ქანის თვისებები CD - ყვითელ-ყომრალი (ღია ყომრალი, ღია ყავისფერი) გამოხატული ელუვიონი, ელუვიონ-დელუვიონი და დელუვიონი სისქით 20 – 40 სმ, უსტრუქტურო, მსუბუქი თიხნარი ან თიხიანი, ღორღის და ქვების სიჭარბით. მთა-მდელოს ნიდაგები განსხვავდებიან მთა-ტყე-მდელოს ნიადაგებიდან (რომლებიც ფორმირდებიან სუბალპური სარტყელის ქვედა ვნაწილში) მუქი შეფერილობით, უკეთესი გასტრუქტურებით, ხირხატიანობით, ნაკლები არამაძღრობით, რკინის მოძრავი ფორმების მეტი შემცველობით. მთა-მდელოს ნიდაგები განსხვავდება მთა-მდელოს შავმიწისებრი ნიადაგებისაგან უფრო ღია შეფერილობით, ნაკლებად მტკიცე სტრუქტურით, უფრო მჟავე რეაქციით, შედარებით დაბალი შთანთქმის ტევადობით, ჰუმუსის ნაკლები შემცველობით და ფულვატური ტიპით. მაღალმთიანეთის ნიადაგების კლასიფიკაციის მიმართ ჭარბობს ლანშაფტურ-გეოგრაფიული მიდგომა. ამ ჯგუფში, მთა-მდელოს ნიადაგების გარდა, გაერთიანებულია სხვა ნიადაგებიც (ტიპის დონეზე). მ თ ა-ტ ო რ ფ ი ა ნ ი ნიადაგები (წყლის წყაროებთან, მდინარეებთან, ტბებთან და სხვ.) ხასიათდებიან ტორფის ჰორიზონტის არსებობით, გაკორდების უქონლობით, ცუდი გასტრუქტურებით, გალებების ნიშნებით, ცალკეული მექანიკური ფრაქციების მეტ ნაკლებად თანაბარი განაწილებით, თიხნარი ან თიხა მექანიკური შედგენილობით, მინერალური ნაწი ლის სიალიტური ტიპით, ამორფული და დაკრისტალებული რკინის შესამჩნევი გადაადგილებით, ჰუმუსის ფულვატური ტიპით, მაღალი ჰუმუსიანობით და ღრმა ჰუმუსირებით, მჟავე რეაქციით, ფუძეების არამაძღრობით. მ თ ა-მ დ ე ლ ო ს ჰ უ მ უ ს-ი ლ უ ვ ი უ რ ი ნიადაგები ხასიათდება მეორე ჰუმუსოვანი ჰორიზონტის არსებობით, არაერთგვაროვანი მექანი კური შედგენილობით, ჰუმუსის ფულვატური ან ჰუმატურ-ფულვატური ტიპით, ზედა ჰორიზონტში ჰუმუსის ძალიან მაღალი შემცველობით, მჟავე რეაქციით, ღრმა ჰუმუსურებით, შთანთქმის საშუალო ტევადობით და ფუძეების არამაძღრობის საკმაოდ მაღალი ხარისხით. მ ე ო რ ა დ ი მ თ ა-მ დ ე ლ ო ს ნიადაგები ხასიათდება საკმაოდ მძლავრი პროფილით, „ტყის“ ნაიადაგწარმოქმნის ნიშნებით (კაკლოვანი ან კოშტოვანი სტრუქტურა, გათიხება, ნაღვენთი თიხის არსებობა), თიხნარი ან თიხა მექანიკური შედგენილობით, თიხა მინერალების შედგენილობაში ჰიდროქარსების და ქლორიტების სიჭარბით, ჰუმუსის ფულვატური ტიპით, ზედა ჰორიზონტში ჰუმუსის მაღალი შემცველობით, არასილიკატური რკინის დაგროვებით პროფილის შუა და ზედა ნაწილებში, მჟავე რეაქციით, შთანთქმის საშუალო ტევადობით. მაღალმთიანეთის ნიადაგებში გამოიყოფა ქვეტიპები: ჩვეულებრივი, მაძღარი, არასრულგანვითარებული. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ცალკეული ტიპების ძირითადი თვისებებით და ნიშნებით მ ა ძ ღ ა რ ი - განვითარებული ფუძე ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე. ა რ ა ს რ უ ლ გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ უ ლ ი - ხასიათდება მცირე სიმძლავრის პროფილით და ერთ-ერთი გენეზისური ჰორიზონტის ამოვარდნით.კორდიან-კარბონატული - განვითარებული კარბონატულ ქანებზე. მთა-მდელოს ნიდაგების ქვეტიპებში გამოყოფენ შედეგ გვარებს: ტორფიან-კორდიანი, მკვრივ-კორდიანი, ფაშარად-კორდიანი, ნეშომპალა-ტორფიანი, ტორფიანი. მთა-მდელოს ნიდაგები იყოფა სახეობებად ჰუმუსოვანი პროფილის სისქის მიხედვით: მცირე სიმძლავრის - A+B80 სმ. მთა-მდელოს ნიდაგები მიეკუთვნება ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის უმბრისოლების ჯგუფს. ნიადაგების პროფილში აღინიშნება დიაგნოსტიკური ჰორიზონტი უმბრიკი და კვალიფიკატორ სპოდიკის ელემენტები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.