ნემატოდები ცხოველური წარმოშობის პარაზიტებია. მიეკუთვნებიან მრგვალი ჭიების ტიპს, გვხვდებიან სხვადასხვა სუბსტრატზე, განსაკუთრებით ბევრია ნიადაგში, სადაც ისინი მრავალუჯრედიანი ცხოველური ორგანიზმების 90 %-ს შეადგენენ. ცნობილია ნემატოდების 80 ათასამდე სახეობა. მათი უმეტესობა საპროფიტია, ნაწილი კი იწვევს ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების დაავადებებს. მცენარეებზე დასახლებულ ნემატოდებს ფიტოჰელმინთები ეწოდება, მცენარეების დაავადებების გამომწვევებს კი ფიტოპათოგენური ნემატოდები, რომლებიც მოგრძო ფორმის, ორმხრივ სიმეტრიული მრგვალი ჭიებია – სიგრძე – 0.5-3 მმ, სიგსნე – 0.01-0.5 მმ. დედალი და მამალი ინდივიდების სხეულის ფორმა უმეტესად ერთნაირია, ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში კი დედალი ზოგჯერ თითქმის ბურთისებურია. ფიტოპათოგენური ნემატოდების აგებულებაში სპევიფიკურია პირის აპარატის აგებულება: მას აქვს მილის ფორმის სტილეტი, რომელსაც ასობს მცენარის ქსოვილში და ბულბუსი, რომელიც ტუმბოს როლს ასრულებს და იწოვს უჯრედის შიგთავსს. სტილეტის საშუალებით ისინი მცენარეში უშვებენ ფერმენტებს და ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც ნემატოდას ეხმარებიან უჯრედის შიგთავსის გადამუშავებაში. ნემატოდას მიერ მცენარის უჯრედებში ჩაშვებული ფერმენტები დატოქსინები არღვევენ მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს: კვებას, წყლით უზრუნველყოფას და სხვ. რასაც მივყევართ მცენარის ჭკნობასთან, ცალკეული ნაწილების ნეკროზთან, გალების წარმოქმნასთან და ა.შ. ნემატოდების დაჯგუფება მცენარის დაზიანებისა და ცხოვრების ნირის თავისებურებების მიხედვით: ფოთლის ნემატოდები; ღეროს ნემატოდები; ფესვის ნემატოდები – ფესვის გალიანი ნემატოდები, ფესვის მოძრავი ნემატოდები, ფესვის ექტოპარაზიტი ნემატოდები. ზოგიერთი ნემატოდა წარმოქმნის ცისტას, რომელიც 10 წლამდე ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. ნემატოდები მრავლდებიან კვერცხებით, რომელთაც დედალი დებს სუბსტრატზე ან გალში ან მკვდარი დედლის სხეულში, რომელიც ცისტადაა გადაქცეული. კვერცხი იდება 14–15 გრადუსი ტემპერატურის დროს. 30 გრადუსზე კვერცხში ნემატოდის განვითარება 20–25 დღეს გრძელდება, დაბალ ტემპერატურაზე კი შეიძლება 3 თვემდე გაგრძელდეს. ამის მიხედვით ნემატოდას შეიძლება ჰქონდეს 1-დან 4-5 თაობამდე. კვერცხების რაოდენობა 1-4-დან 500-1000 ცალამდეა. მცენარეში იჭრებიან ფესვის ბუსუსებიდან, ბაგეებიდან, ჭრილობებიდან. ნემა ტოდები ერთი მცენარიდან მეორეზე ვრცელდებიან ნიადაგით, მწვანე ოპერაციებით, ნაკელით და სხვ. ნემატოდა ნიადაგში დიდხანს არ ცოცხლობს, გამხმარ ფოთლებში კი შეუძლია რამდენიმე წელს გაძლოს. დაავადებას ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა, ტემპერატურა – 25-30 გრადუსი, ნიადაგის მჟავიანობა – 5.5-5.8. ნემატოდები ხშირად გვხვდებია სათბურებში. ნემატოდები მიეკუთვნებია ტიპ – მრგვალ ჭიებს: Nematoda, კლასი – Chromadorea, მნიშვნელოვანი რიგებია: Araeolaimida და Benthimermithida. ნემატოდები ხშირად გვხვდებიან კარტოფილზე, ჭარხალზე, სათბურის მცენარეებზე და სხვ. ნემატოდები, გარდა იმისა, რომ თვითონ იწვევენ დაავადებებს, ხელს უწყობენ სხვადასხვა ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გავრცელებას. მათი დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება ვიზუალური დიაგნოსტიკის და მიკროსკოპული ანალიზის მეთოდები. ნემატოდებთან ბრძოლისათვის გამოიყენება: პროფილაქტიკის მიზნით; ნიადაგის დეზინფექცია, საღი სარგავი მასალა, ნიადაგის ტენიანობის და ტემპერატურული რეჟიმის დაცვა სათბურებში; დაავადების შემთხვევაში: ფესვების თერმული დამუშავება 50–55 გრადუსიან წყალში 5-დან 15-20 წუთამდე, ნემატიციდების გამოყენება, ხალხური საშუალებები – ანტიჰელმინთური პრეპარატებით მორწყვა (1 ტაბლეტი 1 ლ წყალზე) და სხვ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.