1998-2006 წ.წ. ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზამ მიიღო ნიადაგების კლასიფიკაციისა და ნომეკლატურის ოფიციალური სისტემის სტატუსი. ზოგიერთ ქვეყანაში (იტალია, მექსიკა, ნორვეგია, პოლონეთი, ვიეტნამი) იგი აღიარებული იქნა ძირითად ნიადაგურ კლასიფიკაციად. ნიადაგის მსოფლიო მონამცემთა ბაზა არ გულისხმობს ეროვნული საკლასიფიკაციო სისტემების შეცვლას. მისი მიზანია საერთო მახასიათებლების მოძებნა, რომელთა მიხედვით განხორციელდება ეროვნული კლასიფიკაციისა და მონაცემთა ბაზის ტაქსონომიური ერთეულების შეჯერება. ნიადაგური რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზა მოიცავს სისტემატიკის ორ დონეს: 1. ნიადაგური ჯგუფები და 2. ნიადაგური ჯგუფების კომბინაცია კვალიფიკატორებთან (პრეფექსები და სუფიქსები), რომელთა მრავალგვარობა განაპირობებს ნიადაგური ჯგუფების შედარებით დეტალურ დახასიათებას. პრეფიქსები წინ ერთვის ნიადაგური ჯგუფის ძირითად სახელწოდებას, სუფიქსები კი გამოიყენება დასახელების შემდეგ, პრეფიქსებში გაერთიანებულია მოცემული ჯგუფისათვის ტიპური ან სხვა ჯგუფისკენ გარდამავალი კვალიფიკატორები, მათი დანარჩენი ნაწილი კი მიეკუთვნება სუფიქსებს. მსოფლიო მონაცემთა ბაზა ეფუძვნება ნიადაგის თვისებების ერთიანობას, რომელიც იყოფა სამ კატეგორიად: 1. დიაგნოსტიკური ჰორიზონტები; 2. დიაგნოსტიკური ნიშან-თვისებები; 3. დიაგნოსტიკური მასალა ანუ სუბსტრატი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.