1. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის უზრუნველმყოფელი თვისებების ერთობლიობა ნიადაგში; 2. ნიადაგის უნარი დააკმაყოფილოს მცენარე შესათვისებელი საკვები ნივთიერებებით, წყლით და სხვ. განასხვავებენ ნიადაგის პირველ ყოფილ, ბუნებრივ, ნამდვილ, პოტენციურ, ეფექტურ, ეკონომიკურ, აბსოლიტურ და შეფარდებით, ანუ დიფერენციულ ნაყოფიერებას. აქედან აღსანიშნავია ნიადაგის პოტენციური ნაყოფიერება, რაც განისაზღვრება ნიადაგში საკვები ნივთიერებებისა და წყლის მთლიანი მარაგით და მცენარის სასიცოცხლო პირობებით. ეფექტური (ან აქტუალური, ეკონომიკური) ნაყოფიერება განისაზღვრება მოცემულ წელს მცენარის მიერ ნაყოფიერების ელემენტების გამოყენების შესაძლებლობით. იგი დამიკიდებულია აგროტექნიკური ღონისძიებების მთელ კომპლექსზე და მეტად დინამიკურია. ნიადაგის ნაყოფიერების ძირითადი ელემენტებია: მცენარისათვის საჭირო საკვები ნითიერებების შემცველობა და მისაწვდომ ფორმაში წყლის არსებობა, ტენის სიმყარის დონე, ნიადაგში ჰაერის არსებობა როგორც მცენარის ფესვების განვითარების, მიკროორგანიზმების მიერ ორგანული ნივთიერებების დაშლა-გარდაქმნა და საკვები ნივთიერებების შესათვისებელ ფორმაში დაგროვების აუცილებელი პირობა, ნიადაგის მექანიკური შედგენილობა და მინერალოგიური შედგენილობა. აგებულება და სტრუქტურა, რომლებიც განაპირობებენ მის წყლიურ-ფიზიკურ თვისებებს და კვების რეჟიმს. ნიადაგის ნაყოფიერების ელემენტები მჭიდრიდაა დაკავშირებული როგორც ერთმანეთთან, ისე ნიადაგწარმოქმნის ფაქტორებთან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.