ეს მაჩვენებელი განისაზღვრება გასაშუალებული დოზით და აღინიშნება როგორც სდ–50 (სასიკვდილო დოზა, ცდაში მყოფი 50% ინდივიდებისათვის) ან ლდ–50 (ლეტალური დოზა, ცდაში მყოფი 50% ინდივიდებისათვის), ე.ი. მოქმედი ნივთიერების (ტოქსიკანტის) ის რაოდენობა ანუ დოზა, რომელიც იწვევს ტოქსიკურობის განსაზღვრისათვის ცდაში მყოფი ექსპერიმენტული ცხოველების ან სხვა ცოცხალი ორგანიზმების 50% სიკვდილიანობას და იგი გამოიხატება მოქმედი ნივთიერების წონაში მილიგრამობით, ცხოველის ან სხვა ბიოინდიკატორის წონის ყოველ კილოგრამზე. აგროტოქსიკოლოგიაში უფრო ხშირად იხმარება მაჩვენებლები სკ–50 (სასიკვდილო კონცენტრაცია, ექსპერიმენტში მყოფი 50% ინდივიდებისათვის) ან ლკ–50 (ლეტალური კონცენტრაცია, ექსპერიმენტში მყოფი 50% ინდივიდებისათვის), რაც ნიშნავს იმ კონცენტრაციას, რომელიც იწვევს ამა თუ იმ მავნე ორგანიზმის ცდაში აღებული ინდივიდების 50%–ის დაღუპვას. სკ–50 და ლკ–50 რეკომენდებულია თხევადი აგრეგატული მდგომარეობის შესასხურებლად განკუთვნილი პესტიციდების ტოქსიკურობის გამოსა ხატავად. იგი იანგარიშება წონით ან მოცულობით პროცენტებში პესტიციდის განსაზავებლად გამოყენებული სითხის მიმართ. მყარი აგრეგატული მდგომარეობის, მცენარეებზე შესაფრქვევად ან ნიადაგში შესატანად განკუთვნილი პრეპარატებისათვის რეკომენდებულია სნ–50 (სასიკვდილო ნორმა, ექსპერიმენტში მყოფი ინდივიდების 50%-თვის) ან ლნ–50 (ლეტალური ნორმა, ექსპერიმენტში მყოფი ინდივიდების 50%-თვის), რომლებიც განისაზღვრებიან წონით ერთეულში (მილიგრამები, გრამები, კილოგრამები) დასამუშავებელი ფართობის ერთეულის (სმ², მ², ჰექტარი) მიმართ. მოქმედი ნივთიერების ტოქსიკურობის დონე შეიძლება განისაზღვროს არა მარტო სიკვდილიანობის პროცენტით, არამედ ცოცხალი ორგანიზმის (მისი რომელიმე ორგანოს) ფუნქციის (სუნთქვა, ტრანსპირაცია, ფოტოსინთეზი და ა.შ.) ან მისი ცხოველქმედების შედეგად გამოყოფილი ნივთიერების (მშრალი ნივთიერება, ვიტამინები, ფერმენტები და ა.შ.) რაოდენობის ცვლილების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში იხმარება მაჩვენებელი ედ-50 – ეფექტიანი დოზა, რომელიც 50%-ით ზრდის ან ამცირებს გამოყოფილ ნივთიერებას ან იგივე რაოდენობით ცვლის საკვლევად აღებულ ფუნქციას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.